ევრო 2024-ის პირველ მერვედფინალურ მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა იტალია 2:0 დაამარცხა და ¼ ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა არც თუ ისე დაბალ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებზე მომენტები არ შექმნილა, თუმცა შვეიცარიის ნაკრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. პირველი რეალური მომენტი 24-ე წუთზე ვიხილეთ. ებიშერის პასის შემდეგ, ბრილ ემბოლო დარჩა ერთი-ერთზე მეკარესთან, თუმცა დონარუმამ შესანიშნავი მოგერიება შეასრულა.
ტაიმის მიწურულს იტალიის ნაკრებს უფრო გაუჭირდა და 37-ე წუთზე გუნდს ვეღარც დონარუმამ უშველა. ვარგასის გაკეთებული პასი რემო ფროილერმა საჯარიმოში უმარტივესად მიიღო და ანგარიშიც გახსნა, შესაბამისად, შვეიცარიის ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
ლუჩანო სპალეტიმ შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო. მოედანზე ხორვატიასთან გამართული მატჩის გმირი, მატია ძაკანი გამოჩნდა, თუმცა სანამ ძაკანი საქმეში ჩაერთვეობდა, შვეიცარიამ მეორე გოლიც გაიტანა. მარცხენა ფლანგზე შვეიცარიელებმა კარგად გაათამაშეს ბურთი და რუბენ ვარგასმა შესანიშნავი დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
იტალიის ნაკრებმა თავისი თამაში ვერც მეორე გაშვებული გოლის შემდეგ იპოვა. გუნდს პირველი რეალური მომენტი 74-ე წუთზე შეექმნა, როდესაც ახლო მანძილიდან ჯანლუკა სკამაკამ ბურთი ძელს გაარტყა. ამის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა ვერანაირი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა და შეიძლება ითქვას, მეტოქესთან უშანსოდ - 0:2 დამარცხდა.
შვეიცარიის ნაკრებმა დღევანდელი გამარჯვებით ¼ ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ინგლისი-სლოვაკეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. დღევანდელი სათამაშო დღე კი კიდევ ერთი მერვედფინალით დასრულდება, რომელშიც 23:00 საათზე მასპინძელი გერმანია დანიას დაუპირისპირდება.
შვეიცარია 2:0 იტალია
ფროილერი (37), ვარგასი (46)
ოლიმპიაშტადიონი - ბერლინი
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
შვეიცარია (3-4-3): ზომერი - შერი, აკანჯი, როდრიგესი - რიდერი (სტერგიუ - 72), ჯაკა, ფროილერი, ებიშერი (შტეფენი - 90+2) - ვარგასი (ცუბერი - 71), ნდოიე (სიერო - 77), ემბოლო (დუა - 77).
მთავარი მწვრთნელი: მურათ იაკინი (შვეიცარია).
იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, მანჩინი, ბასტონი, დარმიანი (კამბიასო - 75) - კრისტანტე (პელეგრინი - 75), ფაჯოლი (ფრატეზი - 86), ბარელა (რეტეგი - 64) - კიეზა, ელ შაარავი (ძაკანი - 46), სკამაკა.
მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი (იტალია).