ფეხბურთი

10:26 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტურნირის კონკიამ შოკში ჩააგდო პორტუგალიური სელესაო

ვილი სანიოლის სამშობლოში მედია ფართოდ გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების გასვლას ევრო 2024-ის მერვედფინალში.

„სანიოლს სამი წელი დასჭირდა საქართველოს თანამედროვე საფეხბურთო ისტორიის დასაწერად“, აღნიშნავს So Foot. „საერთაშორისო ფორუმების ახალბედა ნაკრებს, ასევე ახალბედამ შეუწყო ხელი, როდესაც მოედნის ცენტრში თავისუფლად მყოფმა ანტონიო სილვამ გაუგებარი პასი გააკეთა საკუთარი დაცვის მისამართით. გადაცემა ჩაჭრა ჟორჟ მიქაუტაძემ, რომლის გამჭოლმა პასმა სისწრაფეაკრეფილ ხვიჩა კვარაცხელიაზე, საშუალება მისცა ნეაპოლელს, უნაკლოდ დაერტყა დიოგუ კოშტას კარში. ამის შემდეგ, პორტუგალიელები შესაძლოა დომინირებდნენ, ფრანსესკო კონსეისაოს მსგავსად, მაგრამ მის მიერ მოპოვებული და კრიშტიანო რონალდუს მიერ შესრულებული ჯარიმა კუბელი მოკრივესავით მოიგერია გიორგი მამარდაშვილმა. მეორე ტაიმში ბედუკუღმართი ანტონიო სილვას მიერ საკუთარ საჯარიმოში წაქცეულმა ლუკა ლოჩოშვილმა მოიპოვა პენალტი, რომელიც ცივსისხლიანად შეასრულა მიქაუტაძემ. „ჯვაროსნებს“ ისღა დარჩენოდათ, რომ გაეძლოთ მეტოქის შეტევებისთვის. მერვედფინალში „ლა როხა“ ფხიზლად უნდა იყოს“, წერს So Foot.

ინტერნეტგამოცემა Icon Sport წერს, რომ „საქართველომ წარმოუდგენელი ნაძლევი მოიგო. და, ამ მიღწევის ფონზე თითქმის არანორმალური ამბავია, რომ ამ გუნდმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა თავის ჯგუფში პორტუგალიური სელესაოსა და თურქეთის ნაკრების შემდეგ. მერვედფინალში მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები შეხვდებიან ესპანეთს. შეუძლებელი ტვირთია? ამაზე მაინცდამაინც თავს არ დავდებდით“.

Le Parisien წერს თავის მხრივ, რომ „საოცარი თამაშის შემდეგ საქართველო აგრძელებს თავის ზღაპარს. ფიფას რეიტინგით 74-ე და ევროზე მონაწილე გუნდებს შორის აუტსაიდერი ერი, მერვედფინალში, კვირას, შეხვდება ესპანეთს. მანამდე, თბილისში ღამეები მოკლე იქნება. „ჯვაროსნები (les Croisés) ამ წარმატებას მხოლოდ სითამამესა და ხასიათის სიმტკიცეს არ უნდა უმადლოდნენ, რადგან მათი კონტრშეტევები განგმირავი იყო. კერძოდ, მარგალიტმა ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა. „პარი სენ ჟერმენის“ დაინტერესების ობიექტმა მრავალგზის თავბრუ დაახვია პორტუგალიურ დაცვას და ორი მოკრძალებული მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია კონტინენტზე. ქართველების მიერ გამოჩენილი გიჟური ენთუზიაზმი, რომელიც აისახა მატჩის მიწურულს ჟორჟ მიქაუტაძის მიერ ჩატარებულ „ორმაგ ხიდში“ (ბურთის გატარება მცველის ფეხებს შორის), მიმდინარე ევროს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საუცხოო მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც წინა ორი მატჩის ნამდვილ გმირად მოგვევლინა, საოცრად მშვიდი საღამო გაატარა პორტუგალიელთა წყალობით“.

დაბოლოს, Le Figaro-ს აზრით, „ქართველების გამარჯვება ვილი სანიოლის გამარჯვებაცაა. მისმა მოთამაშეებმა, რომლებიც ისეთ კლუბებში გამოდიან, როგორც „უოტფორდი“, „ლევანტე“, „გრაცი“, „კრაკოვი“, ანდაც „ნიქოზია“, დაამტკიცეს თავიანთი დონე თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში. მიმდინარე ტურნირის კონკიამ ამ საღამოს შოკში ჩააგდო პორტუგალიური სელესაო და სამოთხეში გააგზავნა თავისი ხმაურიანი ქომაგები, რომლებიც 3,7 მილიონიან ნაციას წარმოადგენენ“.

გოგი თუშმალიშვილი

https://www.facebook.com/photo?fbid=122112127226352029&set=a.122102285150352029

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130167