ევრო 2024-ზე დღევანდელი დღის პირველი მატჩები D ჯგუფში გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პირველი ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილებზე კი საფრანგეთი და ნიდერლანდები გავიდნენ.
ბერლინში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ავსტრიელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე დონიელ მალენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 0:1. ავსტრიის ნაკრებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და შესვენებაზე უპირატესობითაც გავიდა, თუმცა მეორე ტაიმის მეორე წუთზევე კოდი გაკპომ ზუსტი დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 1:1. ნიდერლანდების ნაკრებმა თითქოს მოახერხა თამაშზე კონტროლის დამყარება, თუმცა 59-ე წუთზე შმიდმა ზუსტი თავურით ავსტრია კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ - 1:2. ამის შემდეგ, რონალდ კუმანმა მოედანზე თავისი ჯოკერი, ვაუტ ვეგჰორსტი შემოიყვანა, რომელმაც 75-ე წუთზე საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მემფის დეპაის გაატანინა - 2:2.
ავსტრია ვერც ამ გოლმა გატეხა, კარგი შეტევა განახორციელა და მარსელ ზაბიცერმა მესამედ გაიყვანა ავსტრიის ნაკრები წინ. ნიდერლანდების ნაკრებმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და მატჩი ავსტრიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ამ მოგებით, რალფ რანგნიკის გუნდმა D ჯგუფში მოულოდნელად, 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში F ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, რომლის ვინაობაც ხვალ გაირკვევა. რაც შეეხება ნიდერლანდების ნაკრებს, რონალდ კუმანის გუნდმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ვინაიდან ნარინჯისფერებს უკვე გარკვეულ 2 მესამეადგილოსანზე, უნგრეთზე და ხორვატიაზე მეტი ქულა აქვთ, 1/8 ფინალის საგზური მათაც განაღდებული აქვთ და მათი მეტოქეც მოგვიანებით გაირკვევა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, რომლის პირველი ნახევარიც, მიუხედავად ფრანგთა უპირატესობისა, უგოლოდ დასრულდა. დიდიე დეშამის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 56-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, რომელიც ზუსტად კილიან მბაპემ შეასრულა და გუნდი დააწინაურა.
თავისი პენალტის დარტყმის უფლება პოლონეთის ნაკრებმაც მიიღო. რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, თუმცა წესების დარღვევის გამო მეორედ დარტყმის უფლება მიიღო და ამჯერად, მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 1:1. საფრანგეთის დიდი უპირატესობის მიუხედავად, დეშამის გუნდმა მეორე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ანგარიში ფრედ დასრულდა.
ისედაც გავარდნილმა პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფი 1 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, საფრანგეთმა კი 5 ქულით და მხოლოდ 2 გატანილი გოლით ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში E ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება.
დღევანდელი სათამაშო დღე C ჯგუფის მატჩებით დასრულდება. 23:00 საათზე დანია - სერბეთისა და ინგლისი - სლოვენიის შეხვედრები გაიმართება.
საფრანგეთი 1:1 პოლონეთი (მბაპე პენ. 56 - ლევანდოვსკი პენ. 79)
ნიდერლანდები 2:3 ავსტრია (გაკპო 47, დეპაი 75 - მალენი (ავტოგოლი) 6, შმიდი 59, ზაბიცერი 80)
D ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. ავსტრია | 3 | 2 | 0 | 1 | 6/4 | 6 |
2. საფრანგეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 2/1 | 5 |
3. ნიდერლანდები | 3 | 1 | 1 | 1 | 4/4 | 4 |
4. პოლონეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 3/6 | 1 |