საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა პორტუგალიელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა, რომელმაც მედიის შეკითხვებს ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით უპასუხა.
„საქართველოს ნაკრები ძალიან საინტერესოდ თამაშობს, ჩეხეთთან მოგებაც შეეძლო, თურქეთსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ეს გადამწყვეტი მატჩია თუ ვინ გავა მერვედფინალში ჯგუფიდან, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მატჩია.
არ მიყვარს სიტყვა რევოლუცია, ვერ დავარქმევდი ამას შემადგენლობის რევოლუციას. მეკარეების შეცვლა არ მიმაჩნია სწორად, ამიტომ დიოგო კოშტა ითამაშებს, რადგან მეკარე გუნდში ცალკე გუნდია. გუნდში არ არსებობს დაძაბულობა, ყველას სურს ძირითადში თამაში, მაგრამ ამავდროულად მათ იციან, რომ წვლილი უნდა შეიტანონ არა მარტო თამაშით, არამედ ვარჯიშზე დახარჯვით და მოედანს მიღმა მოქცევით. მე ვაფასებ მუშაობის სურვილს და დამოკიდებულებად.
კრიშტიანუს ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა, ყველა მატჩში ითამაშა და შეიძლება ხვალაც ძირითადში იყო. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის დონე შევინარჩუნოთ, ვფიქრობ, კრიშტიანუ და დიოგო ჟოტა თავიდანვე ითამაშებენ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 3 მეკარით და 23 ფეხბურთელით ვითამაშებდი, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს. ასეთ მოკლე ტურნირზე ასაკი მთავარი არ არის. უკვე 24 დღეა ერთად ვართ და მაქვს ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა. გაბრიელ რამოში, დიოგო ჟოტა და ნუნუ მენდეში 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არიან, მაგრამ მოედანზე გასვლა შეუძლიათ.
გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ ტურნირზე გასახდელის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ასევე გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მეკარის შეცვლა არ არის კარგი.
ჟოაო ფელიქსი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, ვისურვებდი ყველას თამაშის საშუალება მქონდეს, მაგრამ ძირითადში მხოლოდ 11 მათგანის დაყენება შემიძლია. ახლა, არ მინდა ძირითად შემადგენლობაზე ინფორმაცია მოგაწოდოთ. პლეი-ოფის მეტოქე? ამჟამად მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული, რომელიც შესანიშნავი გუნდია. 5 მცველით თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელები ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან.
ჩემი ოცნება? არ მაქვს ოცნების უფლება, არამედ უნდა ვიმუშაო. ოცნება შეუძლიათ ჩვენს გულშემატკივრებს იმ შესანიშნავი თაობის გამო, რომელიც პორტუგალიას ჰყავს, მაგრამ ჩემი ოცნებაა გულშემატკივრების ოცნება ავახდინო.
მგონია, რომ ევრო 2024-ის ფავორიტი არ ჰყავს. რა თქმა უნდა, არიან გუნდები, რომლებსაც უფრო მეტად შეუძლიათ ტურნირის მოგება, მაგრამ ფავორიტებზე საუბარი უადგილოა. პორტუგალიის და იტალიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის მოგების კანდიდატებში ნამდვილად შედიან. საერთოდ, იტალიის ნაკრები ასეთ ტურნირებზე თამაშიდან თამაშამდე უმატებს და მწვრთნელიც შესანიშნავი ჰყავს.
გიორგი ქინქლაძე წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, მოედანზე ხელოვანი და არტისტი. ეს აჩვენებს ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს, ასეთი ფეხბურთელები ახასიათებს საქართველოს, ახლა ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელსაც ბურთით მეტოქის დაცვის გარღვევა შეუძლია. ასევე, მეკარე, რომელსაც “ვალენსიაში” ძალიან კარგი სეზონები ჰქონდა. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, ბევრი ადამიანი გააოცა, როცა პლეი-ოფში საბერძნეთს აჯობა და სამწუხაროა, რომ წინა მატჩებში მეტი ქულა ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია ის სამუშაო, რომელსაც ვილი სანიოლმა ააშენა. საქართველოს ნაკრებს ბევრი ტალანტი ჰყავს და ბევრი ლეგენდაც ჰყავდა”, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, ხოლო ფრის შემთხვევაში დამოკიდებული იქნება სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ შედეგებზე.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან
ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია