ფეხბურთი

11:08 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სამი ჰამბურგი, საქართველო და ჩეხეთი

1979 წლის 24 ოქტომბერს თბილისის ერთი ძველი უბნის მომცრო, მაგრამ მყუდრო ბინაში 6 წლის ბიჭი დილიდან ჭირვეულობდა. შეიძლება ბინა არც ძალიან მყუდრო იყო, მაგრამ ბიჭს მაშინ ასე ეჩვენებოდა. ოთხშაბათი დღე იყო და ჯერ კიდევ სკოლაში წასვლამდე დაიწყო წუწუნი, საღამოს ტელევიზორს გვიანობამდე მაყურებინეთო. იმ ოჯახში ბავშვის ადრე დაძინება ადამიანის ჯანმრთელობის საწინდრად მიაჩნდათ და ამიტომ იყო ბიჭისთვის აუცილებელი თადარიგის დილიდან დაჭერა. სკოლიდან მოსულმა ოჯახის შინ მყოფ წევრებთან განაახლა მოლაპარაკებები. დიდედამ (ასე ეძახდა ბებიას) და პაპამ, დედ-მამამ გადაწყვიტონო. ეს ისედაც იცოდა ბიჭმა, მაგრამ მომხრეები სჭირდებოდა. ძმაც მალე მობრუნდა სკოლიდან და ხომ იცი, მე მინდა ვუყურო, მაგრამ დედა რას იტყვის არ ვიციო, მე, ჩემი მხრივ, ხვეწნა-მუდარას არ დავაკლებო.

საღამოს სამსახურებიდან მოსული მშობლები სადილად დასხდნენ და ბიჭმა პირველი იერიში მამაზე მიიტანა. მამა თითქოს თანაგრძნობით შეხვდა თხოვნას, ოღონდ სახეზე ცოტა უხერხული ღიმილით: ყველასთვის ნათელი იყო, გადამწყვეტი სიტყვა დედას ეკუთვნოდა.

დედა შეუვალი იყო. ბიჭი ხან მუხლებში თავს უდებდა და ისე ეხვეწებოდა, ხან ღნაოდა, უკვე იმ ასაკში არ უყვარდა დანებება და არ ეშვებოდა, მაგრამ დედა თავისაზე იდგა. არც მამის და დიდედას მიერ რუსულად გადალაპარაკებულმა „რა იყო აყურებინე“-მ მოალბო დედა. მოკლედ, ბიჭს ათის ნახევარზე თავი ლოგინში უკრეს.

არადა იმ საღამოს თბილისის დინამო ჰამბურგის ფოლკსპარკშტადიონზე ჩემპიონთა თასის მერვედფინალში ჰამბურგერ შპორტფერაინს ეთამაშებოდა.

ბიჭს წყენა, ჯავრი არ აძინებდა. ეგონა, რომ მთელი სამყარო, უახლოესი ადამიანების ჩათვლით, მის წინააღმდეგ იყვნენ. ქუჩიდან შემოსული, მისთვის საყვარელი, ჭადრების შრიალიც აღიზიანებდა. დიდი ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა: ტელევიზორს დაუწიეს, რომ ბიჭს დაძინებაში ხელი არ შეშლოდა. ერთი-ორჯერ დედამ შემოაღო კარი და ფრთხილად დახედა. ბიჭმა თავი მოიმძინარა: არავის დანახვა სურდა.

მალე ტელევიზორის ხმები შემოვიდა. გარკვევით არ ისმოდა, მაგრამ რუსული ენა იყო ნამდვილად. ბიჭი გაფაციცებით უსმენდა. ალაგ-ალაგ ნაცნობი სიტყვები: ჩივაძე, გუცაევი, კიგანი, მაჩაიძე, ჰრუბეში. სმენას ძაბავდა. და მობეზრდა! საბანი გადაიხადა, ადგა, დიდი ოთახის კარი გააღო და შევიდა. პირდაპირ შავ-თეთრ ტელევიზორს შეხედა. ბურთი დარასელიას ჰქონდა მარცხენა ფლანგზე, დაახლოვებით ცენტრსა და მეტოქის საჯარიმოს შორის. სულ რამდენიმე ნაბიჯით შეიწია შუისკენ და რაღაცნაირად რბილად ჩაუგდო საჯარიმოში ყიფიანს. ყიფიანმა კალცი და ნოგლი მოიშორა და 8-10 მეტრიდან კარგუსს შეუგდო.

მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანა ბიჭმა თვალი ოჯახის წევრებზე. ძმა იცინოდა, მამას ორივე ხელის შეკრული მუშტები ზემოთ აეწია, დიდედას ჭურჭლის გასამშრალებელი ჩაის ტილო მოებღუჯა და მუხლზე ირტყამდა.

ის ბიჭი მე ვიყავი. მე ვნახე ყიფიანის გოლი ჰამბურგის კარში.

მაშინ ფეხბურთით ვცხოვრობდი. და მუსიკით. ფეხბურთში თუ ჩემი სიყვარულის მთავარი ობიექტი თბილისის დინამო იყო, მუსიკაში იყო ბიტლი. და ყიფიანის გოლიდან სულ მალევე გავიგე, რომ ბიტლებმა თავისი პირველი ნაბიჯები ჰამბურგში გადადგეს. ოღონდ როგორ აისახა იცით ეს ჩემს გონებაში? კი ვიცოდი, რომ ყიფიანის გოლი და ბიტლების ფეხის ადგმა ერთ ქალაქში მოხდა, მაგრამ ჩემი წარმოსახვა ამ ორ ამბავს ერთმანეთს ვერ აკავშირებდა. ბავშვობიდან ჩემთვის ორი ჰამბურგი არსებობდა.

რა აღარ შემიტყვია ჰამბურგზე მას შემდეგ: ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქი, როტერდამისა და ანტვერპენის შემდეგ მესამე პორტი ევროპაში, „შპიგელისა“ და „ცაიტის“ სამშობლო, მუსიკისა და თეატრის ძალიან ცნობილი უნივერსიტეტი, ავადსახსენებელი ანგელა მერკელის და ეხლანდელი ოლაფ შოლცის დაბადების ადგილი, იოჰან ენკე (პირველმა გამოთვალა მანძილი დედამიწასა და მზეს შორის. ნუ მკითხავთ როგორ), ბრამსი, მენდელსონი და ტომას მანის საგვარეულო სახლ-მუზეუმიც იქვე ლიუბეკში, სრულიად ზღაპრული ბოტანიკური ბაღი. მაგრამ ბავშვობის წარმოსახვა ხომ ოხერია? ჰამბურგი! და ეგრევე მოდის მაჩაიძე, კიგანი, ჭილაია, ჰრუბეში, გაბელია, ყიფიანი და რაღა თქმა უნდა მუჯირიც. და მერე იქვე მეორე ჰამბურგი: მაკარტნი, ლენონი, ჰარისონი და პიტ ბესტის უცნაური ცხოვრება.

მივლინებებით თუ არდადაგებით ორმოცდაათამდე ქვეყნის ბევრ ქალაქში მოვხვედრილვარ. თუმცა არასოდეს ჰამბურგში. მაგრამ დღეს, იმ საღამოდან 44 წლის, 6 თვის და 29 დღის შემდეგ, მე ჰამბურგში ვარ. სამივე ჰამბურგში ერთდროულად: ნამდვილში და ბავშვობის ორსაში. იმ საღამოდან მხოლოდ მეღა ვამძიმებ დედამიწას: დიდედა და პაპა ბუნებრივია აღარ არიან, აღარც დედ-მამა მყავს და აღარც ჩემი ძმაა.

მაგრამ მე აქ ვარ! და იმ ფოლკსპარკშტადიონზე მივდივარ! მივდივარ, რომ ვნახო, როგორ იომებენ ქართველები ჩეხებთან, როგორ დადებენ გულს, სულს, ძვლებს. ეს ბიჭები მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ. ესენი სხვა ხალხია - ფეხბურთისთვის რუსულად არ უყურებიათ, ტელევიზორისთვის რუსულად არ უყურებიათ, პროგრამა „ვრემიასთვის“ არ უყურებიათ, მათ რუსულიც კი არ იციან!!! ისინი საზღვრებში არავის ჩაუკეტია - მათთვის უცხო ქვეყნებში მოგზაურობა ჩვეულებრივი ამბავია, ფეხბურთების საყურებლად პანტიანში არ უწევდათ სიარული. ისინი თავისუფალი ხალხია. ჯენზი-მენზი მე არ ვიცი, არც თურქებთან წაგება ცვლის რამეს, ესენი სხვანაირები არიან, ჩვენგან განსხვავებულები, ესენი წინ მიდიან და დღეს მოიგებენ! და თუ დღეს ვერა, მოიგებენ ხვალ და ზეგ! ფეხბურთის თამაში ისწავლეს და სწავლობენ მოგებასაც. ამასაც სწავლა უნდა.

ყველა შემთხვევაში მე ვიცი - სტადიონიდან ამაყი მოვბრუნდები და ჩემი ცოლის დაბეჭდილ-შეკერილ დროშას გულიანად ავაფრიალებ ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებიდან დაბერილ ბრიზში.

გუგა სულხანიშვილი

https://www.facebook.com/photo/?fbid=122110707176352029&set=a.122102285150352029

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114371