ფეხბურთი

21:42 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩვენი ორიენტირი საკუთარ თავზეა და არა მეტოქეზე, დისციპლინით უნდა ვითამაშოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ვილი სანიოლმა, რომელმაც "ფოლკპარკშტადიონის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„თურქეთთან განსაკუთრებული ემოციების შეხვედრა გამოდგა, რომელიც საქართველოსთვის პირველი იყო დიდ ტურნირზე. ამიტომ, საწყისი 20-25 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ეს მატჩი დარჩება ერთ-ერთ კარგ მოგონებად, თავი საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ და საინტერესო რაღაცები ვაჩვენეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი აღდგენითი პროცესი იყო თურქეთთან შეხვედრის შემდეგ, უნდა შევეგუოთ შედეგს და მომდევნო მატჩზე ვკონცენტრირდეთ. განსხვავებული მატჩი იქნება, ჩეხეთი 25 წელია დიდ ტურნირებზე თამაშობს და დიდი გამოცდილება აქვს. იმის მიუხედავად, რომ სტილი განსხვავებულია, არ ვფიქრობ, რომ უფრო ადვილი მატჩი გვექნება, ვიდრე თურქეთთან.

გუნდმა კარგად დაისვენა და ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს იქნება განსხვავებული თამაში, ჩეხეთი ძალიან გამოცდილია, სხვა სტილი აქვს და მარტივი არ არის მის წინააღმდეგ თამაში, რადგან ძლიერი ნაკრებია და საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. თურქეთის წინ ორიენტირებული საკუთარ თავზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა - მთავარი ჩვენი თამაშია.

ჩაკვეტაძე არ იყო ბედნიერი, როცა შევცვალე, მაგრამ მე არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან გასვლით ბედნიერი იქნება. მსგავსი რეაქციები პრობლემა არაა, ამან არ დააზიანა ატმოსფერო და გარემო გუნდში. გუნდში დიდი კონკურენციაა, მიქაუტაძემ ძალიან კარგად ითამაშა პირველი მატჩი და ბუდუს ბევრი დრო ამიტომ არ ეძლევა, მაგრამ მან მუშაობა უნდა გააგრძელოს, კონკურენცია გუნდისთვის ყოველთვის კარგია.

ჩვენს მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ, ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, ვიცით მათი სიძლიერე და სისუსტეები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. როგორც ხშირად ვამბობ, საქართველოს ნაკრების პრობლემა არ არის მეტოქე, არამედ დისციპლინით თამაში. თუ დისციპლინით ვთამაშობთ, მაშინ კარგი თამაშიც გამოგვდის.

ახლა შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი. ხანდახან საჭიროა ცვლილებები, ახალი ენერგია. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი უნდა გამოვიყენოთ, რათა უკეთესები გავხდეთ, რომ მომავალში მეტს მივაღწიოთ. ამიტომ, თუ მხოლოდ 11 ფეხბურთელს იყენებ, ეს არ არის დადებითი. ვფიქრობ, შეიძლება იყოს რაღაც ცვლილებები, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.

ხალხი ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგს მეტი შემართება აქვს, ზოგს - მეტი. მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებული, რადგან როდესაც მხოლოდ შედეგს უყურებ, ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნები. მნიშვნელოვანია გაანალიზო შენი თამაში, რა გამოგივიდა, რა - არა, რომ გაიმეორო დადებითი რაღაცები, ხოლო შეცდომებზე იმუშაო და გამოასწორო, მეც ასე ვმუშაობ. ცხადია, გულისწყვეტა იყო, როდესაც ასეთი თამაში წავაგეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის გულისწყვეტა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

მეკარის საჯარიმოში ჩასვლა? მას ჰქონდა ამის გაკეთების უფლება, რადგან ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი ჩვენი მხრიდან, მაგრამ თურქეთისთვისაც, შეიძლებოდა გოლის გატანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც კარგად უნდა დაიცვა და პირიქით. ივან ჰაშეკს ძალიან კარგად ვიცნობ, საფრანგეთში ჩემს საყვარელ გუნდში მუშაობდა, დიდ პატივს ვცემ და კარგად შევხვდები“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგში გაიმართება.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11519