1996 წლის ივნისია და ინგლისში ევროპის ჩემპიონატია გახურებული. იქით ზამერმა და კლინსმანმა გაანადგურეს რუსები, აქეთ ბობანმა და შუკერმა იგივე 3:0 დამართეს დანიას, სრულიად ინგლისი კი ჰოლანდიასთან მატჩს ელის. მოკლედ, დიდი ამბებია.
და ამ დროს, 17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის 74-ათასიან სტადიონზე 200-მდე კაცი შეიკრიბა პირველი ლიგის თამაშის სანახავად - ადგილობრივი "ლოკომოტივი" ეთამაშება ლენინსკ-კუზნეცკის "ზარიას", რომელსაც მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. მაგარი აფიშაა ხო?
და აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ აქ ისეთი რამ მოხდებოდა, მეორე დღის "სპორტ-ექსპრესი" კლინსმანთან, გაზასთან და შუკერთან ერთად პირველ გვერდზე სწორედ ამ მატჩის გმირის გვარს დაბეჭდავდა სათაურში - იმ ბიჭისას, ზურაბ გენგიურის ფოტოზე ცოტათი არტურ კონან დოილის პერსონაჟს რომ ჩამოჰგავს.
ეს ვარლამ კილასონიაა, ამჟამად ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერის, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი. მაშინ, იმ 1996-ში, ის 28 წლის იყო და უმცროს ძმასთან, საქართველოს ნაკრებში 4 მატჩის ჩამტარებელ გიორგისთან ერთად გივი ნოდიას გაწვრთნილ "ლოკომოტივში" თამაშობდა.
ხოდა მთელი ამ ლოკომოტივების, ლენინსკების და სხვა ოხრობების გახსენება იმად დაგვჭირდა, რომ გითხრათ: მაგ 17 ივნისს დამყარდა რეკორდი - ასეთი რანგის ერთ მატჩში ამდენი გოლი ქართველ ფეხბურთელს უცხო მიწაზე არასდროს გაუტანია.
9:0 მოუგეს მასპინძლებმა უშუალო კონკურენტს და აქედან 7 ვარლამ კილასონიამ შეაგდო.
სტუმართა პირველი მეკარე უკვე 34-ე წუთზე შეცვალეს, ვარლამის 4 გოლის მერე. სათადარიგომ 26 წუთი გაძლო მშრალად, მაგრამ მერე ისიც ააწიოკა კილასონიამ. თუმცა ერთი დუელი ქართველს იმ მეკარემ მაინც მოუგო - პენალტი აუღო. რვა ნამეტანიაო.
"სპორტ-ექსპრესი" იმასაც წერს, წესით ვარლამი გასაძევებელი იყო, როცა მეტოქესთან ფიცხელ ჩხუბში გადაეშვა, მაგრამ მსაჯმა ყვითელი აკმარა - ალბათ უბრალოდ თავადაც არ მოიკლო უფროსი კილასონიას თამაშით ტკბობის საშუალებაო...
მოკლედ, ასე შევიდა 1996 წლის 17 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მაგრამ როგორი იქნება 2024 წლის 18 ივნისი, საკითხავი აი ეს არის!
#zmამბები
https://www.facebook.com/photo/?fbid=122109121778352029&set=a.122102285150352029