ფეხბურთი

18:14 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვიდეული: მიქაუტაძე და ნაირები

ცნობილი ამბავია, რომ გეოგრაფიული მდებარეობის, რბილი კლიმატის, დემოკრატიული ტრადიციებისა და ლიბერალური პოლიტიკური სისტემის გამო, თუ კიდევ რაღაც სხვა მიზეზებით, საფრანგეთი მუდამ იზიდავდა სხვადასხვა ჰორიზონტიდან მოსულ ემიგრანტებს. ამ ემიგრანტებს, ისეც ხშირად ხდება, რომ ფეხბურთელი შვილები ეზრდებათ ხოლმე, რომლებიც მერე თავიანთი ისტორიული სამშობლოს ღირსებას იცავენ. ზოგჯერ კი, ესა თუ ის ქვეყანა - არაემიგრანტი, „წმინდად“ ფრანგულ ოჯახებში გაზრდილი მოთამაშეების გადაბირებას ახერხებს მსხვილ საფეხბურთო ფორუმებში მონაწილეობის პერსპექტივით და, ჯამში, ასეთი მოთამაშეების გამოჩენა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ჩვეული ამბავია.

ამჯერად, ჟორჟ მიქაუტაძის გარდა, საფრანგეთის კიდევ ექვსი მოქალაქე იღებს მონაწილეობას სხვა ქვეყნის მაისურით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში.

წლევანდელი ფორმაციის ესპანეთის ნაკრებში ასეთი მოთამაშე სულაც ორია - ცენტრალური მცველები აიმერიკ ლაპორტი და რობინ ლე ნორმანი. სამხრეთ პირენეებში, გარონის რეგიონში დაბადებულმა ლაპორტმა ბასკი ბაბუის წყალობით ბილბაოს „ატლეტიკის“ ყურადღება მიიპყრო და ის 14 წლის ასაკში ამ კლუბის აღსაზრდელთა შორის აღმოჩნდა. „ატლეტიკისა“ და კიდევ უფრო პრესტიჟული „მანჩესტერ სიტის“ ძირითადში მოხვედრის მიუხედავად, ლაპორტი ვერ ეღირსა საფრანგეთის ნაკრების მაისურის მორგებას. მართალია, დიდიე დეშამმა ის რამდენჯერმე გამოიძახა შეკრებაზე, მაგრამ ლაპორტს თამაშის შანსი არასდროს მიეცა. სამაგიეროდ, ევრო 2021-ის წინ, ჟერარდ პიკეს საფეხბურთო პენსიაზე გასვლისა და სერხიო რამოსის ასაკში შესვლის კვალობაზე, „ლა როხას“ იმდროინდელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნაკრებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე აიმერიკ ლაპორტი მიიწვია. ამჟამად, საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებში 29 კეპი დაუგროვდა.

დაახლოებით იგივე ტრაექტორია განვლო ბრეტანელმა რობინ ლე ნორმანმაც. „ბრესტის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ანტუან გრიზმანის ყოფილმა „გიდმა“, ერიკ ოლატსმა შეამჩნია და სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ გადაიყვანა. საფრანგეთის ნაკრებში თამაშის ოცნება არც ლე ნორმანს აუსრულდა. სამაგიეროდ, დროთა განმავლობაში ის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს და 2023 წლის 15 ივნისს, ლე ნორმანმა „ლა როხას“ ძირითად შემადგენლობაში პირველი თამაში ჩაატარა ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის წინააღმდეგ. ამ წუთისთვის 27 წლის ლე ნორმანს 12 სანაკრებო მატჩი დაუგროვდა და მათ შორის შვიდი ლაპორტის გვერდით. „მოედანზე ერთმანეთში ესპანურად ვლაპარაკობთ. ეს უფრო ბუნებრივია“, ამბობს ლე ნორმანი. ერთია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთისთვის სასტარტო მატჩში ხორვატიასთან, ორი ნატურალიზებული ესპანელისგან მონაწილეობა მხოლოდ ლე ნორმანმა მიიღო.

1991 წელს, პარიზში, გვადელუპელი მშობლებისგან დაბადებულმა ლოიკ ნეგომ ჯერ „ნანტის“ აკადემიისა და შემდეგ „რომას“ პრიმავერაში გატარებული წლების შემდეგ, 2015 წელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიკტორ ორბანის მშობლიური ქალაქის, სეკეშფეჰერვარის საფეხბურთო კლუბში ამოყო თავი. იმ დროს ლოიკ ნეგო, რომელსაც ადგილობრივებმა უნგრულ ყაიდაზე „ლაიოში“ შეარქვეს, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წევრი გახდებოდა. როგორც თვითონ ამბობს, „ადმინისტრაციული მიზეზებით“ აწ უკვე უნგრეთის მოქალაქეს, დღეისთვის მადიარების ნაკრებში 36 თამაში დაუგროვდა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უნგრელების პირველ მატჩში შვეიცარიასთან, ლოიკ ნეკო სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჟორჟ მიქაუტაძის კარიერის ტრაექტორიაზე დიდხანს შეჩერება ალბათ არ ღირს. ერთი ვთქვათ უბრალოდ, რომ 2000 წლის 31 ოქტომბერს, ლიონის მე-2 ოლქში დაბადებული გიორგი-ჟორჟის ნატურალიზება, 2005 წლის 1 სექტემბერს დედამისის ნატურალიზებასთან დაკავშირებული, ე.წ. „კოლექტიური ეფექტის“, ანუ მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობელთან არგანცალკევების საფუძველზე მოხდა. „მთელი ჩემი ნათესაობა საქართველოშია, ბავშვობაში მშობლებს იქ ხშირად მივყავდი ხოლმე“, უყვებოდა ჟორჟი ფრანგულ მედიას. ვილი სანიოლის მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის მარტში გამოძახებულ მიქაუტაძეს დღეისთვის 25 კეპი და 10 გატანილი ბურთი დაუგროვდა.

მიქაუტაძის მსგავსად 2000 წელს, დიჟონში, ფრანგი დედის და რუმინელი მამისგან დაბადებული ბოგდან რაკოვიტანი Dijon Football Côte d'Or-ის სკოლის აღზრდილია, მაგრამ ძირითად გუნდში თამაშის შანსი არასდროს მიეცა. 2021 წელს რაკოვიტანი მამამისის მშობლიური რუმინეთის ქალაქ ბოტოშანის გუნდში ჩაირიცხა. შემდეგ ის პოლონურ „რაკოვ ჩესტოხოვაში“ გადაბარგდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, შარშან სექტემბერში რუმინეთის ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ედვარდ იორდანესკუმ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცენტრალური მცველი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გამოიძახა და დღეისთვის რაკოვიტანს ჯერჯერობით მხოლოდ ორი სანაკრებო მატჩი აქვს ნათამაშები.

1995 წლის 5 აგვისტოს, კოპენჰაგენში, დანიელი მამისა და ფრანგი დედისგან დაბადებული და სრულყოფილად ფრანკოფონი პიერ-ემილ ჰოიბერგი ერთ დროს მიუნხენის „ბაიერნში“ ირიცხებოდა და ემრე ჯანთან, პატრიკ ვაირაუჰთან და მიჩელ ვაიზერთან ერთად ამ კლუბის უღრუბლო მომავლის საწინდარად მიიჩნეოდა. 2013 წლის მარტში, ლევერკუზენთან მატჩისას, 17 წლის და 251 დღის ჰოიბერგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა, ვინც ბუნდესლიგის მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ჰოიბერგს საქმე ისე ვეღარ წაუვიდა, როგორც ამას ვარაუდობდნენ. ბავარიული გიგანტიდან ის ინგლისში, ჯერ „საუთჰემპტონში“, შემდეგ კი „ტოტენჰემში“ გადაბარგდა. პრინციპში, საფრანგეთის ნაკრებში მონსტრული კონკურენციის პირობებში, ჰოიბერგს იქ მოხვედრის ისედაც მცირე შანსები ექნებოდა და გულწრფელად თუ არა, ის ამტკიცებს, რომ მისი მიზანი ყოველთვის დანიის ეროვნული მაისურის მორგება იყო: „დანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. მე დანია გულით ავირჩიე“. დანიის ნაკრებში ჰოიბერგის დებიუტი 2014 წლის 28 მაისს შვედეთის წინააღმდეგ შედგა, ხოლო იმავე წლის 7 სექტემბერს მან პირველი სანაკრებო ბურთი გაიტანა სომხეთის კარში.

დაბოლოს, გერმანიაში ლეროი ზანედ წოდებული ფეხბურთელი, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეც გახლავთ, მოლიერისა და დიუმას სამშობლოში სხვანაირად მოიხსენიება - „ლერუა სანე“. საქმე ის არის, რომ მამამისი, ორმაგი ფრანგულ-სენეგალური მოქალაქეობის მქონე სულეიმან ჟან სანე (1994-ში ავსტრიულ "ტიროლთან" ერთად თბილისში "დინამოსთან" აქვს ნათამაშები უეფას თასზე) შვიდი წლის განმავლობაში თამაშობდა მშობლიური სენეგალის ნაკრებში, სადაც ერთ დროს მისი მწვრთნელი გახლდათ „თეთრ ჯადოქრად“ (Le sorcier blanc) წოდებული ფრანგი სპეციალისტი კლოდ ლერუა. სწორედ ამ კაცის პატივსაცემად და თავის გერმანელ მეუღლესთან შეთანხმებით დაარქვა სულეიმანმა თავის შვილს სახელად - ლერუა. თუმცა, ბუნებრივია, გერმანიაში „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სახელი და გვარი ისე ჟღერს, როგორც უკვე მიეჩვია ჩვენი ყური. ყველა შემთხვევაში, ლეროი ზანესთვის სხვა მაისურის მორგების საკითხი, გარდა გერმანიის ეროვნული გუნდისა, არც არასდროს დამდგარა.

#GTამბები

https://www.facebook.com/photo?fbid=122108614988352029&set=a.122102285150352029

0.195694