ბრაზილიის ნაკრებისა და იტალიის „მილანის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კაკამ ინგლისის ნაკრების სათამაშო ფორმის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ ინგლისელთა გამარჯვების დრო დადგა.
„წინა ჯერზე გარეთ საუთგეიტის ნაკრები გამარჯვებასთან ერთ ნაბიჯზე იყო და ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გამოუვა. ამჟამად ამ გუნდში რაღაც განსაკუთრებული ხდება, როგორც ცალკეული ფეხბურთელები, ისე მთლიანად გუნდი მართლაც კარგია. წინა ევროზე იტალიასთან ფინალმა ის შედეგი ვერ გამოიღო, რომელიც მათ ფანებს გაახარებდა, მაგრამ ახლა ინგლისელთა გუნდი გაცილებით გამოცდილია.
გარდა ამისა, ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა. მასში ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი, შესაბამისად, პრემიერლიგის სტანდარტებმა საუთგეიტის გუნდის ბევრი მოთამაშის სერიოზულ განვითარებას შეუწყო ხელი.
ასე რომ, დიახ, მართლაც მჯერა, რომ ინგლისელთა ნაკრები იზრდება და შესაძლებელია გერმანიაში მათი გამარჯვების დროც მოვიდა“, - მოჰყავს კაკას სიტყვები Daily Mail-ს.
ინგლისელები ტურნირში დღეს ჩაერთვებიან. მათი შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ გუნდებთან ერთად C ჯგუფში სლოვენია და დანიაა.