ფეხბურთი

20:30 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

RELEVO: „ატლეტიკო“ მამარდაშვილის შეძენას აღარ შეეცდება

ცნობილი ესპანური გამოცემის, Relevo-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელსაც გიორგი მამარდაშვილს აქტიურად უკავშირებდნენ, ქართველი მეკარის შეძენა გადაიფიქრა.

ბოლო პერიოდში „ატლეტიკოდან“ სლოვენიის ნაკრების მეკარის, იან ობლაკის წასვლის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მადრიდულ კლუბს არაერთ მეკარეს უკავშირებენ, ერთ-ერთ კანდიდატად კი გიორგი მამარდაშვილი სახელდება, თუმცა ესპანურ მედიაში დღეს გავრცელებული ცნობით, „ვალენსია“ ქართველ მეკარეს დაახლოებით 35-40 მილიონ ევროდ აფასებს, ამ თანხის გადახდა კი „როხიბლანკოს“ მეკარეში არ სურს და მთელი ინტერესის გადატანას „ხეტაფეს“ 31 წლის მეკარეზე, დავიდ სორიაზე აპირებს.

ესპანელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა, რაც მამარდაშვილის ღირებულებისგან განსხვავებით, „ატლეტიკოსთვის“ სრულად მისაღებია და ობლაკის წასვლის შემთხვევაში, სიმეონეს გუნდის მთავარი ალტერნატივა სწორედ დავიდ სორია იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, მამარდაშვილზე უარი „ნიუკასლმაც“ განაცხადა, დღევანდელი ინფორმაციის შემდეგ კი ქართველი მეკარის მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ „ვალენსიამ“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მეკარე, სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა.

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამჯერად საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლაზეა სრულად ფოკუსირებული, „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს, რა დროშიც მან 100 შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

0.118307