ფეხბურთი

18:43 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Conversation: საქართველო ევრო 2024-ზე კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება

ცნობილი ანალიტიკური ვებ-გვერდი, The Conversation-ი, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ეხმაურება და ტურნირში მათ მონაწილეობას დამსახურებულს უწოდებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპირველობაზე თამაშის უფლება საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შედეგად მოიპოვეს, თუმცა ერთა ლიგიდან ფინალურ ტურნირზე მოხვედრას ბევრი ქვეყანა არასამართლიანს უწოდებს, რასაც ვებ-გვერდი ეწინააღმდეგება:

„ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატისკენ საქართველოს განვლილი გზა დიდ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი მე-4 ადგილზე დაასრულეს, ერთა ლიგაზე მათ ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხეს, როგორიც წინა ევროს მონაწილე ჩრდილოეთ მაკედონიაა. გარდა ამისა, ბოლო მატჩში მათ ევროპის ჩემპიონ საბერძნეთსაც სძლიეს. ასე რომ, წლევანდელ ევროზე საქართველოს ასპარეზობა არანაირად უნდა ჩაითვალოს უსამართლოდ. ნორვეგიელი გულშემატკივრების უკმაყოფილების მიუხედავად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი გუნდი მეტად იმსახურებდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ საქართველო ევრო 2024-ზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ ის სამი გუნდი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგიდან მოიპოვეს, ტურნირზე სამართლიანად მოხვდნენ.“ - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.117204