საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მონტენეგროსთან მატჩის შემდეგ გუნდში განწყობა კიდევ უფრო ამაღლდა.
"უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა.
რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვემზადებით, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. სასიხარულოა, რომ მატჩზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან.
ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ კონკრეტულ თამაშებს", - თქვა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.