ფეხბურთი

22:02 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "გვინდა, ამ ტურნირზე ჩვენი სახელი დავტოვოთ და ისტორია დავწეროთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოახლოებული ტურნირის შესახებ ისაუბრა. როგორც ხვიჩამ აღნიშნა, მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და გუნდი ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად.

„ქართველი ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ოცნება იყო, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ჩამოვსულიყავით, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა ვოცნებობდით ამაზე ერთად და როცა მიზანს მივაღწიეთ, ძალიან ბედნიერი დღე იყო. თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ აქ არ ჩამოვსულვართ, უბრალოდ რომ დავესწროთ ამ ჩემპიონატს, გვინდა, ჩვენი სახელი დავტოვოთ ამ ტურნირზე, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მაქსიმალური კონცენტრაცია გვაქვს და მაქსიმალურად ვემზადებით. ვფიქრობ, საქართველოში ძალიან ელოდებიან ჩვენს გამოსვლას და 18 ივნისს, საქართველო კიდევ ერთხელ იქნება გაერთიანებული და ყველა ერთად ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ.

გუნდის თილისმა ვარ? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, როცა ჩემს შრომას აფასებენ. ბევრი ქართველი ფეხბურთელია, ვინც შეიძლება იყოს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე. თითოეული ჩვენგანი ცდილობს გუნდისთვის დაიხარჯოს და ჩვენთვის ამ მომენტში ინდივიდუალური წარმატება ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. ჩემთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სიამოვნებაა, ეს არის დაუვიწყარი მომენტები და ემოციები, რომლებიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.

გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი გვყავს. ჩვენ ნებისმიერთან ბრძოლა შეგვიძლია. გურამ კაშია ჩვენი კაპიტანია და ყველა ჩვენგანისთვის კარგი მაგალითია. გამოცდილია და ყოველდღე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაგალითს აძლევს, რომ ყოველდღიურად იმუშაონ. ნამდვილი კაპიტანია და მას მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ. ყველაფერს აკეთებს, რაც ნამდვილად კაპიტანმა მოედანზე და მის გარეთ უნდა გააკეთოს.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, რადგან ჩვენს ოცნებაზე, ევრო 2024-ზე პირველ მატჩამდე დიდი დრო არ რჩება და ემოციებით ვართ დატვირთულები. თუმცა, ვცდილობთ, ეს ემოციები გავაკონტროლოთ. მაქსიმალურად ვემზადებით პირველი თამაშისთვის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან განწყობა უნდა შევიქმნათ.

ჩვენი პირველი მიზანი, როგორც ყველა სხვა გუნდის შემთხვევაში, არის ჯგუფური ეტაპის გადალახვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11448