საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრები კარგი ფეხბურთით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი განწყობით მიდის.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უნაკლოდ, შესანიშნავად ჩაატარა. ალბათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი იყო ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაკრების შესრულებით. კარგი კომბინაციები მარტივად, საგოლე მომენტები, გოლები და უბრალოდ დამაჯერებელი მოქმედება.
ანგარიშის გახსნა მეცხრე წუთზე გიორგი მიქაუტაძეს შეეძლო, მაგრამ მეკარემ სასწაულებრივ იხსნა თავისი გუნდი. ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა ვილი სანიოლის გუნდი მაინც დაწინაურდა. კუთხურის შემდეგ გიორგი გველესიანმა თავით მოიგო ორთაბრძოლა, შორეულ ძელთან კი, ოთარ კიტეიშვილი დახვდა მის გადაცემას და გაიტანა. ამრიგად, დებიუტანტმა გველესიანმა საგოლე პასი მიითვალა.
საქართველო გოლის შემდეგაც ფლობდა სათამაშო ინიციატივას და იკითხებოდა, რომ კიდევ გაიტანდა. ასეც მოხდა: გოლი ძალიან ეფექტური კომბინაციის შედეგია - კვარამ მიქაუტაძე მეკარეს შეატოვა და მანაც შეასრულა, ისე როგორც, სჩვევია. საქართველომ ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ნახევრის სტარტზე ტრავმის გამო კიტეიშვილმა დატოვა მოედანი, ჯერ უცნობია მისი დაზიანების ხარისხი...
კვარაცხელიას შეეძლო უპირატესობის სამამდე გაზრდა, თუმცა მეკარემ აჯობა. მალევე საქართველოს ნაკრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა. თუმცა, 66-ე წუთზე მან ვერაფერი გააწყო სტევან იოვეტიჩის ძლიერ და უზუსტეს დარტყმაზე და მონტენეგრომ სხვაობა შეამცირა. 73-ე წუთზე სანიოლის გუნდი ახლოს იყო ორბურთიანი უპირატესობის დაბრუნებასთან, როდესაც სანდრო ალთუნაშვილის შესანიშნავი პასით მიქაუტაძე ვალდებული იყო გაეტანა, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმა ფეხით უკუაგდო.
საქართველომ მესამე მაინც გაიტანა, რაც მოედანზე ერთად შესული სამი ფეხბურთელის დამსახურებაა: 84-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის შესანიშნავი პასით ზურიკო დავითაშვილმა გაამწვავა შეტევა, მან პენალტიც მოიპოვა, მსაჯი აპირებდა დაენიშნა კიდეც, მაგრამ ბურთი ბუდუ ზივზივაძეს მიუვიდა, რომელმაც გაიტანა და პენალტის საჭიროებაც აღარ გახდა.
მეოთხე გოლის შანსიც იყო, დავითაშვილს მეკარემ აჯობა პირისპირ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა პოდგორიცაში 3:1 გაიმარჯვა.
ასე რომ, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის წინ განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა. მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი უკვე უშუალოდ ევრო 2024-ზე, 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს. შემდეგ იქნება 22 ივნისს ჩეხეთთან, ხოლო 26 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩი.
მონტენეგრო - საქართველო 1:3 (0:2)
პოდგორიცა, „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო (4-4-2): მიატოვიჩი; მ. ვუკჩევიჩი, დრეშკოვიჩი (ვუიაჩიჩი 75), რუბეჟიჩი, ა. ვუკჩევიჩი; ვეშოვიში (ოსმაიჩი 59), მ. ბაკიჩი (სავიჩევიჩი 74), კუჩი (იოვოვიჩი 46), იანკოვიჩი; მუგოშა (დ. ბაკიჩი 75), ნ. კრსტოვიჩი (იოვეტიჩი 46)
მწვრთნელი: რობერტ პროსინეჩკი
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), შენგელია (წიტაიშვილი 67); ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 67), კვარაცხელია (დავითაშვილი 80); მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (66), 1:3 ზივზივაძე (84)
გაფრთხილება: მ. ვუკჩევიჩი (28)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (3) – 13 (10) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ალექსანდერ სტავრევი (ჩრდ. მაკედონია)