14:50 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპე რეინა „ვილიარეალს“ ტოვებს

„ვილიარეალის“ პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) 41 წლის მეკარის პეპე რეინას კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„პეპე რეინა და „ვილიარეალი“ ერთმანეთს შორდებიან. მადლობა ყველაფრისთვის, პეპე. თქვენი ლეგენდა მარადიულად იცხოვრებს „ვილარეალში", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

რეინა „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. მეკარემ პროფესიონალური კარიერა 1999 წელს „ბლაუგრანაში“ დაიწყო. 2002 წელს გადავიდა „ვილიარეალში,“ სადაც ორჯერ მოიგო „ინტერტოტოს“ თასი.

2005 წელს ესპანელი „ლივერპულმა“ შეიძინა, 2014 წელს კი „ბაიერნში“ გადავიდა. რეინა „ვილიარეალში“ 2022 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მეკარე ასევე თამაშობდა იტალიურ „ნაპოლიში,“ „მილანსა“ და „ლაციოში,“ ასევე ინგლისურ „ასტონ ვილაში.“ ესპანეთის ნაკრებთან ერთად რეინამ ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

2023/2024 წლების სეზონში მეკარემ ყველა ტურნირზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის" შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 15 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

0.11454