სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ ჟოზე მოურინიო წარადგინეს. პორტუგალიელი სპეციალისტის პრეზენტაცია სტადიონზე გულშემატკივრების თანდასწრებით გაიმართა.
ფანებს ჯერ კლუბის პრეზიდენტმა ალი კოჩმა მიმართა, რომელმაც თქვა, რომ გუნდში არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ გლობალური ბრენდი მიიყვანა.
„ყველა ჩვენგანის და „ფენერბაჰჩეს“ მილიონობით გულშემატკივრის სახელით მინდა ჟოზე მოურინიოს მივესალმოთ. ეჭვგარეშეა, რომ ის ყველა დროის ხუთ საუკეთესო მწვრთნელს შორისაა, რომელმაც ჩვენი კლუბი აირჩია. დღეიდან გვყავს მწვრთნელი, რომელსაც 27 ტიტული აქვს მოგებული. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ წარმატებულ მწვრთნელზე, არამედ მსოფლიო ბრენდზე. დღეს დავამტკიცეთ, თუ სად გვსურს „ფენერბაჰჩეს“ მიყვანა და რა არის ჩვენი მიზნები“, - თქვა კოჩმა.
ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ დღეიდან „ფენერბაჰჩეს“ ფანების ოცნებები, მისი ოცნებებიცაა:
„როდესაც „ფენერბაჰჩეს“ ჩემი სახელი დაუკავშირეს, დიდი სიყვარული ვიგრძენი. ჩვეულებრივ, მწვრთნელი სიყვარულს გამარჯვების შემდეგ გრძნობს, ამიტომაც, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მეც ამ ოჯახის ნაწილი ვარ, ეს მაისური არის ჩემი კანი და ჩემი ძვლები. ჩემთვის ფეხბურთი ვნებაა და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მოვხვდი, სადაც ამ ვნებას განვიცდი. პრეზიდენტთან შეხვედრის დღიდან მინდოდა აქ მოსვლა. თქვენ საუკეთესო ფანები ხართ, მინდოდა, თქვენი ვნება მეც მეგრძნო. მინდა, დავეხმარო თურქულ ფეხბურთს, რაც მთავარია, „ფენერბაჰჩეს“. ბოლოს ერთ რამის თქმა მსურს: „თქვენი ოცნებები, ჩემი ოცნებებია“, - განაცხადა მოურინიომ, როცა ფანებს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ „ფენერბაჰჩე“ 2 წლით ჩაიბარა და სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.