„ნაპოლის“ კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა, მარიო ჯუფრედიმ დაადასტურა, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება სურს.
როგორც მან აღნიშნა, დი ლორენცო ვერ გრძნობს ნდობას და იმედგაცრუებულია, ამიტომაც, სურს კლუბი შეიცვალოს. მან ისიც თქვა, რომ დიდი კლუბები არიან დაინტერესებული იტალიელი მცველის გადაბირებით.
„არასოდეს გვიფიქრია წასვლა, მაგრამ რაღაცები იცვლება. დი ლორენცო ვერ გრძნობს ნდობას და არ შეიძლება გუნდის კაპიტანი იმედგაცრუებული იყოს. დე ლაურენტისიც მზადაა ის გაყიდოს. ჯოვანის წასვლა სურს, მან უკვე ისაუბრა ამაზე ჯოვანი მანასთან და თავისი განცდები დააფიქსირა. კონტე ერთადერთი წამალია, რომელიც ამ „ნაპოლის“ განკურნავს, ის გამარჯვებული მწვრთნელია და როგორც ნეაპოლელს, მიხარია გუნდში მისი მისვლა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ და გვინდა, ეს თავი დავხუროთ. ტოპკლუბები არიან დაინტერესებული“, - აღნიშნა ჯუფრედიმ.
ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2028 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდს დატოვებს. მან „აძურიში“ 2019 წლიდან 232 მატჩში 15 გოლი გაიტანა. იტალიელ ფეხბურთელს ყველაზე აქტიურად „იუვენტუსს“ უკავშირებენ, თუმცა, ასევე დასახელდა „ინტერის“ ვარიანტიც.