ფეხბურთი

2:10 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს დრამატული ფინიში: "ფროზინონე" გავარდა, "ატალანტამ" "რომა" ლიგაზე არ გაუშვა

იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონს დრამატული ფინიში ჰქონდა. საუბარია გასავარდნ ზონაზე.

„სალერნიტანა“ და „სასუოლო“ უკვე გავარდნილი იყვნენ, მესამე გუნდის ვინაობა ირკვეოდა: „ფროზინონე“ – „უდინეზეს“ მასპინძლობდა, ხოლო პარალელურად „ემპოლი“ – „რომას“.

„ფროზინონეს“ ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ შეიძლებოდა წაგების შემთხვევაშიც გადარჩენილიყო, თუ „ემპოლი“ „რომას“ ვერ დაამარცხებდა. თავის მხრივ, ქულები „უდინეზესაც“ სჭირდებოდა.

ზოგადად, „ფროზინონემ“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ერთი ხანობა აღმოჩენაც იყო, მაგრამ მეორე წრეში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ძალიან სუსტად ითამაშა და გავარდა, თანაც დრამატულად.

„ფროზინონემ“ „უდინეზესთან“ შინ 0:1 წააგო, გოლი 75-ე წუთზე გაუშვა. „ემპოლიმ“ კი, „რომა“ 92-ე წუთზე მბაიე ნიანგის გოლით დაამარცხა და გადარჩა. რომ არა ეს გოლი, „ემპოლი“ გავარდებოდა.

საბოლოოდ, „უდინეზემ“ 37 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა, „კალიარიმ“, რომელსაც მანამდეც განაღდებული ჰქონდა დარჩენა და „ემპოლიმ“ 36-36 ქულით მე-16-მე-17 ადგილები გაიყვეს. „ფროზინონე“ 35 ქულით გავარდა.

მოგეხსენებათ, „ფროზინონეში“ გიორგი კვერნაძე ირიცხება, ხოლო „ემპოლიში“ საბა გოგლიჩიძე.

სერია A-ში ყველა ვერდიქტი ცნობილია: „ინტერი“ (ჩემპიონი), „მილანი“, „იუვენტუსი“, „ატალანტა“ და „ბოლონია“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, „რომა“ და „ლაციო“ ევროპა ლიგაზე. „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის ფინალს თუ მოიგებს, ისიც ევროპა ლიგაზე გამოვა და მეცხრეადგილოსანი „ტორინო“ გავა კონფერენს ლიგაზე, თუ არადა - ფლორენციელები.

სერია B-ში გავარდნენ „ფროზინონე“, „სასუოლო“ და „სალერნიტანა“, სამაგიეროდ აღზევდნენ „პარმა“ და „კომო“, ხოლო მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფის ფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესა“ და „ვენეციას“ შორის გაირკვევა.

და, კიდევ ერთი: „ატალანტამ“ „რომა“ ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუშვა: ბერგამოელები ოთხეულში რომ არ მოხვედრილიყვნენ, მეექვსეადგილოსანი „რომა“ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც იტალიას 6 წარმომადგენელი ეყოლებოდა. თუმცა, „ატალანტამ“ მისთვის უმნიშვნელო მატჩში „ტორინო“ 3:0 დაამარცხა და „რომას“ ევროპა ლიგით დაკმაყოფილება მოუწევს, იტალიას კი, ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება.

სხვათა შორის, სერია A ჯერ მაინც არ დასრულებულა: 2 ივნისს, გამოტოვებული მატჩია „ატალანტასა“ და „ფიორენტინას“ შორის, რომელიც მხოლოდ იმას გადაწყვეტს, გავა თუ არა „ატალანტა“ მესამე ადგილზე (მოგების შემთხვევაში), ხოლო თუ ჯან პიერო გასპერინის გუნდი „იებს“ ვერ აჯობებს, მეოთხე ადგილს დასჯერდება და მესამე საფეხური „იუვენტუსს“ დარჩება.

1. ინტერი 38 29 7 2 89 22 67 94
2. მილანი 38 22 9 7 76 49 27 75
3. იუვენტუსი 38 19 14 5 54 31 23 71
4. ატალანტა 37 21 6 10 70 39 31 69
5. ბოლონია 38 18 14 6 54 32 22 68
6. რომა 38 18 9 11 65 46 19 63
7. ლაციო 38 18 7 13 49 39 10 61
8. ფიორენტინა 37 16 9 12 58 44 14 57
9. ტორინო 38 13 14 11 36 36 0 53
10. ნაპოლი 38 13 14 11 55 48 7 53
11. ჯენოა 38 12 13 13 45 45 0 49
12. მონცა 38 11 12 15 39 51 -12 45
13. ვერონა 38 9 11 18 38 51 -13 38
14. ლეჩე 38 8 14 16 32 54 -22 38
15. უდინეზე 38 6 19 13 37 53 -16 37
16. კალიარი 38 8 12 18 42 68 -26 36
17. ემპოლი 38 9 9 20 29 54 -25 36
18. ფროზინონე 38 8 11 19 44 69 -25 35
19. სასუოლო 38 7 9 22 43 75 -32 30
20. სალერნიტანა 38 2 11 25 32 81 -49 17
თეგებისერია A
0.136824