ფეხბურთი

1:27 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას წელს უკეთესი სეზონი ჰქონდა, ვიდრე შარშან"
"იგრძნობა, რომ მოედანზე ის ლიდერია, გუნდი მის გარშემო უნდა ააშენონ"

Sky Sport-ის ჟურნალისტის მარკო ბუჩანტინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიამ წელს უკეთესი სეზონი ჩაატარა, ვიდრე შარშან.

მან ამ აზრის გასამყარებლად არგუმენტებიც მოიყვანა. როგორც ბუჩანტინიმ აღნიშნა, კვარამ თითქმის იმავე დონეზე თამაში მოახერხა გაცილებით ცუდ „ნაპოლიში“, რაც ნიშნავს, რომ ის, როგორც ფეხბურთელი უფრო გაძლიერდა.

„კვარას ალბათ უფრო კარგი სეზონი ჰქონდა, ვიდრე შარშან. გასულ სეზონში უცხოპლანეტელი ჩამოვიდა და ჩემპიონატში ყველაფერი გაანადგურა, არავინ იცოდა, როგორ შეეჩერებინათ ის. სეზონის მეორე ნაწილში მოუკლო, ამ სეზონში კი ისევ მაღალ დონეზე ითამაშა, სრულიად განსხვავებულ „ნაპოლიში“ და თანაც, სეზონის სტარტზე ფიზიკური პრობლემებიც ჰქონდა. შესაბამისად, მისთვის ეს სეზონი უფრო კარგია, რადგან უფრო ჩამოყალიბებული და გაძლიერებულია. კონტრაქტის განახლების სიტუაციამაც მასზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს“, - თქვა ბუჩანტინიმ.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ ასევე ისაუბრა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ედოარდო ტესტონიმ, რომელიც „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ მატჩზე უშუალოდ სტადიონიდან მუშაობდა.

„ფლორენციაში ის საუკეთესო იყო. როცა ბურთს ეხებოდა, ყოველთვის რაღაც სახიფათო ხდებოდა. მას აქვს ლიდერის მოძრაობები, საჭიროა, მომდევნო სეზონში „ნაპოლი“ მის გარშემო აშენდეს“, - თქვა ტესტონიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

0.116069