ფეხბურთი

21:15 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა
"არსენალი" ისევ მეორე ადგილს დასჯერდა, "ენფილდიდან" იურგენ კლოპი გააცილეს

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ბოლო ტურში შეცდომა არ დაუშვა, „ვესტ ჰემი“ დამაჯერებად დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა „ჩაქუჩებს“ 3:1 მოუგო და 91 ქულით სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. პარალელურად, „არსენალმა“ „ევერტონი“ 2:1 დაამარცხა და 89 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა.

„მანჩესტერ სიტი“ პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა (კონკრეტულად პრემიერლიგა და არა ინგლისის ჩემპიონატი), ხოლო ინგლისის ჩემპიონი მეათედ გახდა (კონკრეტულად პრემიერლიგა მერვედ მოიგო). „არსენალი“ კი, როგორც შარშან, ამჯერადაც მეორე ადგილს დასჯერდა.

„ენფილდიდან“ გააცილეს იურგენ კლოპი, რომელმაც „ლივერპულს“ ბოლოჯერ უხელმძღვანელა. „წითლებმა“ გერმანელს საღამო არ გაუფუჭეს და „ვულვზი“ იოლად დაამარცხეს, რის შედეგადაც სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს. მთავარია, ცხადია, კლოპის გაცილება იყო, რომელსაც „ენფილდის“ პუბლიკა დაემშვიდობა, თუმცა კლუბის ისტორიაში მის ღვაწლს არასდროს დაივიწყებენ.

იურგენ კლოპმა ლივერპულს ორჯერ მოაგებინა ინგლისის ლიგის თასი, ხოლო თითოჯერ პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა, ერთხელ - ევროპა ლიგის. დიდი ალბათობით, იურგენს „ლივერპულში“ არნე სლოტი შეცვლის.

ამრიგად, პრემიერლიგის 2023-2024 წლების სეზონი დასრულებულია და ყველა ვერდიქტი ცნობილია:

ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა, მის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ „არსენალი“, „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“, ევროპა ლიგაზე ითამაშებს „ტოტენჰემი“, ხოლო კონფერენს ლიგაზე - „ჩელსი“, რომელმაც მძიმე სეზონის მიუხედავად, ბოლო 5 ტურში მოიგო და 63 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი, სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩა. ასე რომ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს თავის დროზე ქულები ადვილად რომ არ ენიავებინა, არ გაუჭირდებოდა ოთხეულში მოხვედრა.

პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში გავარდნენ „ლუთონი“, „ბარნლი“ და „შეფილდ იუნაიტედი“, სამაგიეროდ, იქიდან აღზევდნენ „ლესტერი“ და „იფსვიჩი“, ხოლო მესამე წარმატებული გუნდის ვინაობა 26 მაისს, პლეი-ოფის ფინალში, „ლიდს იუნაიტედის“ და „საუთჰემპტონის“ შეხვედრაში გაირკვევა.

1. მანჩესტერ სიტი 38 28 7 3 96 34 62 91
2. არსენალი 38 28 5 5 91 29 62 89
3. ლივერპული 38 24 10 4 86 41 45 82
4. ასტონ ვილა 38 20 8 10 76 61 15 68
5. ტოტენჰემი 38 20 6 12 74 61 13 66
6. ჩელსი 38 18 9 11 77 63 14 63
7. ნიუკასლი 38 18 6 14 85 62 23 60
8. მანჩესტერი 38 18 6 14 57 58 -1 60
9. ვესტ ჰემი 38 14 10 14 60 74 -14 52
10. კრისტალ პალასი 38 13 10 15 57 58 -1 49
11. ბრაიტონი 38 12 12 14 55 62 -7 48
12. ბორნმუთი 38 13 9 16 54 67 -13 48
13. ფულჰემი 38 13 8 17 55 61 -6 47
14. ვულვზი 38 13 7 18 50 65 -15 46
15. ევერტონი 38 13 9 16 40 51 -11 40
16. ბრენტფორდი 38 10 9 19 56 65 -9 39
17. ნოტინგემი 38 9 9 20 49 67 -18 32
18. ლუთონი 38 6 8 24 52 85 -33 26
19. ბარნლი 38 5 9 24 41 78 -37 24
20. შეფილდი 38 3 7 28 35 104 -69 16

ბომბარდირები:

ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) – 27 გოლი

კოულ პალმერი (ჩელსი) – 22

ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) – 21

ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა) – 19

ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 19

დომინიკ სოლანკე (ბორნმუთი) - 19

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11201