ფეხბურთი

0:55 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ფიორენტინასთან", "ნაპოლიმ" ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს 37-ე ტური „ფიორენტინას“ და „ნაპოლის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

ანგარიში ნეაპოლელებმა მერვე წუთზე ამირ რაჰმანის გოლით გახსნეს. შემდეგ კვარაცხელიამ რამდენჯერმე სცადა გატანა, მაგრამ არაზუსტი დარტყმები გამოუვიდა. პირველი ტაიმის მიწურული კი, „ნაპოლისთვის“ კოშმარული იყო, რადგან ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაუშვა. ჯერ ანგარიში კრისტიანო ბირაგიმ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მბალა ნზოლამ ფლორენციელები დააწინაურა. ამ გოლებს შორის, ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.

სამაგიეროდ, 57-ე წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მატჩი ასეც დასრულდა. ეს კვარას პირველი გოლი იყო „ნაპოლიში“, რომელიც პირდაპირ ჯარიმიდან გაიტანა. 23 წლის შემტევი 86-ე წუთზე შეცვალეს. კვარამ უგოლო სერია შეწყვიტა, რადგან 8 მარტის შემდეგ პირველად შეძლო თავის გამოჩენა.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114701