ფეხბურთი

1:05 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" იტალიის თასი მოიგო (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსმა“ მძიმე სეზონი ჩაატარა, მაგრამ უტიტულოდ მაინც არ დარჩა და იტალიის თასი მოიგო.

ფინალში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბერგამოს „ატალანტა“, რომელიც სპეცილიასტთა აზრით ფავორიტად მიიჩნეოდა, დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი მეოთხე წუთზე გავიდა, როდესაც ანდრეა კამბიაზომ დიდებული პასით დუშან ვლაჰოვიჩი მეკარესთან პირისპირ დატოვა და სერბმაც გაიტანა. მერე არაფერი შეცვლილა, მეტიც, „იუვემ“ „ატალანტას“ კარში ზუსტად არ დაარტყმევინა...

თუმცა, ჯან პიერო გასპერინის გუნდს ჰქონდა შანსი, მაგრამ ლუკმენის დარტყმა ძელს მოხვდა. შანსები ტურინელებსაც ჰქონდათ, მაგალითად, ფაბიო მირეტის დარტყმა ხარიხას მოხვდა, ხოლო ვლაჰოვიჩის მილიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაუთვალეს.

„იუვენტუსმა“ 2021 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, მაშინაც იტალიის თასი მოიგო და მაშინაც ფინალში „ატალანტა“ დაამარცხა. ბერგამოულმა გუნდმა ბოლო 5 წელიწადში მესამედ წააგო კოპა იტალიას ფინალი, თუმცა მთავარი ფინალი წინ აქვს - 22 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში „ლევერკუზენს“ შეხვდება.

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასი მე-15-ედ მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია. მასიმილიანო ალეგრიმ მეხუთედ მოიგო კოპა იტალია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია და ხუთჯერვე მან ეს "იუვეში" მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116234