ბუქარესტის „დინამო“ შესაძლოა მოატყუეს და ამის გამო თვითონ რუმინული კლუბი დაისაჯოს. როგორც ესპანური და ამავდროულად, რუმინული მედია იტყობინება, არსებობს ეჭვი, რომ ბუქარესტულ გუნდში არა ედგარ იე, არამედ მისი ტყუპი ძმა თამაშობდა.
იემ „დინამოსთან“ კონტრაქტს ხელი თებერვალში მოაწერა, თუმცა, ახლა ეჭვობენ, რომ ეს მისმა ძმამ ედელინომ გააკეთა და სწორედ ის თამაშობდა ამ პერიოდში რუმინულ გუნდში.
ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფეხბურთელი ინგლისურ ენაზე გასაკვირად კარგად საუბრობდა, მაშინ, როდესაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ინგლისური კარგად არ იცოდა. როდესაც ედგარს მართვის მოწმობის წარდგენა სთხოვეს ვინაობის დასადასტურებლად, უარი განაცხადა.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რომელი ძმა თამაშობდა „დინამოში“. თუ გაირკვა, რომ ის არა ედგარ იე, არამედ ედელინო იე იყო, ბუქარესტულ კლუბს იმ მატჩებში მოპოვებულ ქულებს სავარაუდოდ დააკლებენ, რომელშიც მან ითამაშა.
ედგარ იე საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, კარიერა „ბარსელონაში“ დაიწყო, ასევე ითამაშა „ტრაბზონსპორში“, „ლილში“, „ნანტში“, „ფეიენოორდსა“ და სტამბოლის „ბაშაქშეჰირში“, ხოლო მისი ტყუპი ძმა უფრო დაბალი დონის გუნდებში გამოდიოდა.