ფეხბურთი

1:32 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

60 წლის შემდეგ პირველად: "ბოლონია" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ბერგამოს „ატალანტამ“ „რომა“ 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც, გადაწყდა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ და „ბოლონია“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ.

მოგეხსენებათ, წელს, სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ხუთეულის გუნდი გავა, „იუვე“ და „ბოლონია“ კი დარჩენილ ორ ტურში ხუთეულს ნამდვილად არ ჩამოსცდებიან.

„ბოლონიამ“ ამ ტურში „ნაპოლის“ აჯობა (2:0), ხოლო „იუვენტუსმა“ ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშა და შინ ბოლოადგილოსან, კარგა ხნის გავარდნილ „სალერნიტანას“ ვერ მოუგო. მეტიც, მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა (1:1). მასიმილიანო ალეგრის გუნდმა პირველი წრე დიდებულად ჩაატარა, ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ მეორე წრეში 17 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო, ბოლო 15-დან კი, სულაც - ორი...

„იუვენტუსი“ და „ბოლონია“ 67-67 ქულით მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ და მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. ჩემპიონთა ლიგის საგზური მათ გარდა, მანამდე „ინტერმა“ და „მილანმა“ მოიპოვეს. მიზანთან ახლოსაა „ატალანტაც“, რომელიც „რომას“ 3 ქულით უსწრებს და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

სხვათა შორის, „ბოლონია“, რომელსაც ტიაგო მოტა წვრთნის, ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე ისტორიაში მეორედ გავიდა, პირველად 60 წლის შემდეგ.

0.111909