ფეხბურთი

18:32 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "კიტეიშვილის დარჩენა გამორიცხული არაა, ყველაფერს ვეცდებით"
კიტეიშვილი ადგილს "შტურმის" ლეგენდებში დაიკავებს

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ქართველი ნახევარმცველი შეინარჩუნონ. თუმცა, ჯერ გარკვეული არაფერია.

„კიტეიშვილის დარჩენა არ არის გამორიცხული, ყველაფერს ვეცდებით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზეც რომ გავიდეთ, გვაქვს ჩვენი საზღვრები. ოთარმა ეს იცის, ვნახოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერს ვეცდებით“, - თქვა შიკერმა.

ქართველ ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც მისი პასუხიდანაც ჩანს: „კიდევ ერთხელ ეს თემა? მინდა, რომ ეს ტიტული მოვიგოთ, მას შემდეგ, რაც „შტურმში“ ვარ, ჩემპიონი არ გავმხდარვართ, ეს არის ჩვენი ოცნება, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ“.

Kleinezeitung-ი კი, წერს, რომ „შტურმმა“, რომელმაც უკვე ზედიზედ ორჯერ მოიგო ავსტრიის თასი, უკვე უკავია გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ თუ ჩემპიონიც გახდება და დუბლს შეასრულებს, ამ „შტურმის“ ბევრი ლიდერი კლუბის ლეგენდების წრეში დაიკავებს ადგილს, მათ შორის, რა თქმა უნდა, კიტეიშვილიცაა:

„სავსებით შესაძლებელია, რომ „შტურმის“ გულშემატკივრებს შორის ერთ-ორ ათწლეულში შემდეგი კითხვა განიხილებოდეს: „გახსოვთ, რა გააკეთა კიტემ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში?“

საქმე ეხება ოთარ კიტეიშვილს, რომელსაც ჯადოსნური კვირა ჰქონდა. მან „ჰარტბერგთან“ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე თასის ფინალში საგოლე პასიც გააკეთა, შესვენებაზე კი, გუნდის მოტივირება შეძლო, როცა „შტურმი“ მარცხდებოდა:

„ფინალი ემოციური თამაშია. ზოგჯერ საჭიროა ასეთი სიტყვები, პირველ ტაიმში არასაკმარისად კარგად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვჭირდებოდა“, - აღნიშნა კიტეიშვილმა მოგვიანებით.

შიკერმა კი, თასის ფინალში კიტეს სიტყვით გამოსვლაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „თასის ფინალში, 30 000 მაყურებლის წინაშე, როცა მარცხდები, სწორედ მაშინ გჭირდება ლიდერები, რომლებიც რთულ მომენტში იქ არიან. მე არ მიყარს ისეთი ლიდერები, რომლებსაც პირი ყოველთვის ღია აქვთ, ნამდვილმა ლიდერებმა უნდა იცოდნენ, როდის ილაპარაკონ“.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ გამორჩეული ფიგურაა 2018 წლიდან. მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა, გუნდში. ქართველმა ნახევარმცველმა ორჯერ მოიგო ავსტრიის თასი, პირველად ავსტრიის ჩემპიონობასთან კი, ძალიან ახლოსაა, რადგან სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს.

0.121245