ფეხბურთი

19:05 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Sun მიქაუტაძის წითელ ბარათზე: "ყველაზე ცუდი გაძევება, რაც კი გვინახავს"

„მეცისა“ და „რენის“ მატჩში გიორგი მიქაუტაძის გაძევებას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი წითელი ბარათი ფეხბურთის ისტორიაში.

„მეცი“ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლის გამო 2:3 დამარცხდა. ლაშლო ბოლონის გუნდისთვის ყველაფერი გაუარესდა, რადგან 96-ე წუთზე გუნდის თილისმამ, გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. გამეორებებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველო და არნო კალიმუენდო ერთმანეთს უვნებლად შეეჯახნენ, ეს უკანასკნელი კი, თეატრალურად ძირს დაეცა. მიქაუტაძე გვირაბში შევიდა, VAR-მა კი, რუდი ბუკეს დაავალა მომენტი მონიტორზე კიდევ ერთხელ ენახა.

ეპიზოდი 47 წლის მსაჯს რამდენჯერ ანახეს იმის მოლოდინით, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და გადაწყვეტილება გაუქმდებოდა. 23 წლის მიქაუტაძეც აშკარად ელოდა, რომ მსაჯი მოედანზე დაბრუნების უფლებას მისცემდა, რადგან გვირაბში ელოდა შემოწმების დასრულებას და მოედნისკენაც დაბრუნდა, მაგრამ მეოთხე მსაჯმა შეაჩერა და გასახდელში გაუშვა.

თუ წითელი ბარათი არ გაუქმდა, მიქაუტაძეს ლიგა 1-ის ბოლო ორი გადამწყვეტი მატჩის გამოტოვება მოუწევს. გაოგნებული იყო TNT Sports-ის კომენტატორიც: „თუ ვინმე იმსახურებს ყვითელ ბარათს, ეს კალიმუენდოა. იმედი ვიქონიოთ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და სამართლიანი იქნება, თუ ის მოედანზე დაბრუნდება და გოლს გაიტანს“.

აღშფოთებული იყო გულშემატკივარი სოციალურ ქსელშიც: „ეს არის ყველაზე ცუდი გაძევება, რაც კი ოდესმე მინახავს“.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ აპირებს წითელი ბარათის გასაჩივრებას, თუმცა მოთხოვნას რამდენად დაუკმაყოფილებენ, უცნობია. ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062451