ფეხბურთი

1:10 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" ევროპა ლიგის ფინალთანაც ახლოსაა

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა. „ლევერკუზენმა“ სტუმრად „რომა“ 2:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს გუნდები ამ ტურნირის ნახევარფინალში შარშანაც შეხვდნენ და მაშინ იტალიელებმა მოახერხეს ორი მატჩის ჯამში მოგება (1:0), მაგრამ ახლა ჩაბი ალონსოს გუნდი რევანშთან ძალიან ახლოსაა.

ფლორიან ვირტცმა და რობერტ ანდრიხმა თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანეს რომაულ გუნდს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. „ფარმაცევტები“ მიმდინარე სეზონში ისევ დაუმარცხებელი არიან (47 მატჩი, 39 მოგება, 8 ფრე) და ძნელი წარმოსადგენია, ვის შეუძლია მისი შეჩერება. „ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგა უკვე მოიგო, გერმანიის თასის ფინალშია და ევროპა ლიგის ფინალთანაც ახლოსაა - მოკლედ, სამი ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

მეორე ნახევარფინალში „მარსელმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა: ეს შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა და ყველაფერი საპასუხო თამაშში უნდა გაირკვეს. იტალიელები ჯანლუკა სკამაკას გოლით სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე შანსელ მბემბამ გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1.

ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060509