ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 2:4 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილი კი გააძევეს, არადა, წითელ ბარათამდე შესანიშნავ თამაშს ატარებდა.
ქართველმა მეკარემ ვალენსიელთა მეორე გოლის მომენტში შეტევაც დაიწყო, რაც პენალტის გამომუშავებით დასრულდა. თუმცა, ტაიმის მიწურულს უხეში შეცდომა დაუშვა, რაც წითელ ბარათად დაუჯდა.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელების შეფასება ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: „ხაუმე მამარდაშვილი არ არის“.
როგორც მასშია აღნიშნული, ხაუმეს პასუხისმგებლობა არის „ბარსელონას“ მესამე და მეოთხე გოლებში, ხოლო კონკრეტულად მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასეს:
„პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გააძევეს. მანამდე შესანიშნავ თამაშს ატარებდა და ძალიან კარგი იყო“.
გამოცემა Eldesmarque-მ გიორგის შეფასებაში მხოლოდ 4 ქულა დაუწერა: „პირველ გოლზე ვერაფერი გააკეთა. 1:2-ზე რამდენიმე კარგი სეივი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ სერიოზული შეცდომა დაუშვა ბურთის გაჩერების დროს და იამალის წინააღმდეგ ხელის გამოყენება მოუწია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 35 გოლი აქვს გაშვებული, 12-ჯერ კი, კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 მაისს, „ალავესს“ უმასპინძლებს, მაგრამ მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.