კალათბურთი

12:19 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაშმა ქუთაისს ბრძოლაში მოუგო და მეოთხედფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიებიდან არც ერთი არ დასრულდება მშრალი ანგარიშით. დღეს, თბილისი არენაზე სერიაში 0:2 ჩამორჩენილმა “რაშმა” დაძაბულ ბრძოლაში – 84:82 (სტატისტიკა) სძლია ქუთაისს და ჩამორჩენა შეამცირა. ასე და ამგვარად, ნახევარფინალის რვავე მონაწილემ მოახერხა თუნდაც ერთი მატჩის მოგება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სერიები დაძაბულად მიმდინარეობს.

პლეი ოფში მე-8 ადგილიდან გასულმა რაშმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. სუპერლიგის დებიუტანტმა პლეი ოფში გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არავისზე ნაკლები არაა და უმაღლეს ლიგაში ადგილს იმსახურებს. რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული ქუთაისის დამარცხება, მით უფრო სერიაში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, უბრალო საქმე არაა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა დიდი პოტენციალის მქონე ქუთაისის დამარცხება, თანაც 12-ქულიანი უპირატესობის დაკარგვის შემდეგ.

ბოლი პერიოდში, თამაშის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები როცა რჩებოდა, ენტონი ელსტონმა სამქულიანი ჩააგდო და რაში 78:66 დააწინაურა. ამის შემდეგ ქუთაისელებმა პრესინგს მიმართეს და რაშის კალათბურთელებმაც მიჯრით რამდენიმე შეტევაში დაკარგეს ბურთი. მიხეილ ბერიშვილის სამქულიანებისა და აკაკი დვალიშვილის ჩაგდებული ბურთების შემდეგ იმერულმა კლუბმა ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო გიორგი კორსანტიას ორიანის შემდეგ, შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 80:80.

ორივე გუნდმა 2-2 ქულა მიითვალეს და შეხვედრის დასრულებამდე 24 წამით ადრე ისევ ფრე იყო. თამაშის დასრულებამდე 4 წამით ადრე სანდრო სანაძემ შედეგიანი გარღვევა განახორციელა და რაში 84:82 დააწინაურა. ქუთაისს წუთშესვენება აღარ დარჩა, თუმცა გუნდმა მაინც მოახერხა შორი პასით ბურთის მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიტანა და კორსანტიამ გამთანაბრებელი ორქულიანი… ააცილა

გამარჯვებულებს 12 ქულითა და 14 მოხსნით ევან მილიგენმა ულიდერა. სანდრო სანაძე 21 ქულით ბომბარდირი გახდა, გიორგი ვახანიას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. ქუთაისში 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მარქუს გილსონი, დეტრიკ ბრაუნინგმა 15 ქულა მიითვალა.

სერიის მომდევნო, მე-4 შეხვედრა 28 აპრილს, თბილისი არენაზე, 16:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11655