ძიუდო

17:36 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეა, სადაც ტატო გრიგალაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფრანგი უმარ ჯალო, სერბი ისლამ სოგენოვი და უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდება.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ხორვატი რობერტ კლაჩარი და ფინელი ტურპალ ჯუკაევი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს დანილ ლავრენტიევთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უკვე ბულგარელ მარკ ხრისტოვს აჯობა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე კი, მოლდოველი ადილ ოსმანოვი იქნება. ამავე წონაში გიორგი ჩიხელიძემ ბულგარელი დენისლავ ივანოვი კი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში რუსლან ჰალავაჩოუსთან ვერაფერს გახდა და ასპარეზობა დაასრულა.

დღესვე, ქალთა შორის, 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა მოლდოველ დანიელა ტჩაჩისთან, ხოლო 70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი დაემშვიდობნენ ასპარეზობას პირველ წრეში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის თითო ოქრო-ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120543