ფეხბურთი

12:05 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ფეხბურთი ზოგჯერ მეორე შანსს გაძლევს, "რომასთან" სწორედ ეს შანსი გვექნება"

„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ვესტ ჰემთან“ მატჩისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოუთმენლად ელოდება „რომასთან“ მატჩებს.

„ეს იყო გიჟური თამაში ორი განსხვავებული ტაიმით. ვიცოდით, რომ „ვესტ ჰემი“ მაღალი ტემპით და ინტენსივობით ითამაშებდა. პრობლემებიც გვქონდა და ადვილი არ იყო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო. ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის შემდეგ იცოდნენ, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა, გვინდოდა ხასიათის გამოვლენა და თამაშის უკეთ კონტროლი. მეორე ტაიმში ნაკლები დუელი წავაგეთ და ბურთსაც ნაკლებად ვკარგავდით. გვიხარია, რომ გოლის გატანა მოვახერხეთ.

მოუთმენლად ველოდები „რომასთან“ ნახევარფინალს. ფეხბურთში ხანდახან იღებ მეორე შანსს, ახლა ეს შანსი გვაქვს და გვინდა უკეთ ვითამაშოთ. ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილებაც დადებითად იმოქმედებს ჩვენზე. თუმცა, ეს არის სხვა სეზონი, ახალი გუნდით და ფეხბურთელებით“, - თქვა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში სწორედ „რომას“ შეხვდა და მაშინ ჩაბი ალონსოს გუნდმა ორი მატჩის ჯამში 0:1 წააგო. გერმანულ გუნდს ახლა რევანშის შანსი მიეცა. მატჩები 2-9 მაისს გაიმართება.

"ლევერკუზენი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია ყველა ტურნირზე 44 მატჩში, რითაც რეკორდი დაამყარა. გერმანელებმა 2011-2012 წლების სეზონში "იუვენტუსის" დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს. მაშინ ტურინელებმა სეზონში ზედიზედ 43 მატჩი არ წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115851