ფეხბურთი

17:39 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ეს წარმატება ვაისის დამსახურებაც არის, რადგან მან დიდი სამუშაო შეასრულა" (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ფრანგი სპეციალისტი მადლობას უხდის ვლადიმირ ვაისს, პოზიტიური მოლოდინი აქვს ევრო 2204-სგან და ფეხბურთელებისგან 101%-ით დახარჯვას ითხოვს.

„ვინარჩუნებთ კარგ განწყობას და მხიარულ გარემოს, თუმცა ვიცით, რომ ტურნირი საკმაოდ ახლოსაა და მზადება უნდა დავიწყოთ, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო, ახლა კი, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გვსურს, რაც შრომის და კარგი მომზადების გარეშე შეუძლებელი იქნება. როგორც ფეხბურთელს, მითამაშია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მწვრთნელის როლში ეს ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იქნება. ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, პასუხისმგებლობით მივუდგე საქმეს.

ძალიან ვამაყობ ამ მიღწევით, ყველა ადამიანს სიამოვნებს ქება, თუმცა მე ამ საქმის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი ვარ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, ეს სხვამ გადაწყვიტოს. პირველ რიგში უნდა მივულოცო ფედერაციას ბოლო 10 წლის განმავლობაში გაწეული შესანიშნავი სამუშაოსთვის. მიხარია, რომ მეც ვიყავი ამ პროცესის ნაწილი, 2-3 წლის განმავლობაში. ფედერაციამ რთული და გრძელი გზა გაიარა, ახლა კი სასიამოვნო მომენტია, რადგან ვხედავთ ამ შრომის შედეგს.

ხალხი დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს, ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი ემოციების ამოფრქვევა, ბუნებრივია და ფანტასტიკური მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების სახეების და სიხარულის ცრემლების კადრები ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება.

საქართველოს ნაკრები წლების წინ D ლიგაში გამოდიოდა, ახლა კი, B ლიგაში ვართ. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგამ ჩვენი ფეხბურთელები დიდი მიღწევების შესაძლებლობებში დაარწმუნა, დააჯერა მათ, რომ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ ამ მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა იყო საჭირო, ფეხბურთელები კი ამისთვის მზად იყვნენ და როგორც ნაკრებში, ისე თავიანთ კლუბებში მუშაობდნენ. ვფიქრობ, ერთა ლიგის ბოლო ციკლი ჩვენთვის დიდი საქმის დასაწყისი იყო.

გადაწყვეტილებების მიღება ზოგჯერ ინსტინქტურად ხდება. მას შემდეგ, რაც პირველად ველაპარაკე სფფ-ის წარმომადგენლებს, ვიცოდი, რომ იმ ეტაპზე სწორედ აქ მსურდა ყოფნა. აქ იყო რაღაცის აშენების და წარმატების მიღწევის პერსპექტივა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ მოსვლა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს. ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, მისი წარმატებაც არის, რადგან მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურაზე და არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოიწვია ნაკრებში. ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში და არც ექვს თვეში, ეს ხანგრძლივი პროცესია და ვლადიმირ ვაისი ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მარტივია ადამიანს მოსთხოვო, რომ 100%-ით დაიხარჯოს, მე კი, ფეხბურთელებს ვუხსნი, თუ როგორ უნდა გაიღონ ყველაფერი მოედანზე, რა უნდა აკეთონ ყოველდღე იმისთვის, რომ ეს მოახერხონ, რადგან ბევრი ფეხბურთელი მზად იყო ყველაფერი გაეღო, მაგრამ არ იცოდა, როგორ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მათთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რომელსაც მეტად სჭირდებოდათ რჩევა. ამან შედეგი მოიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ნაკლები უნდა ვიშრომოთ. პირიქით, წინ კიდევ უფრო რთული დავალება გველოდება და მეტი მუშაობა მოგვიწევს.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მიუღებელი იქნება იმაზე ნაკლები, რაც პლეი ოფში ვაჩვენეთ, ფეხბურთელებმა ეს იციან და ისიც ესმით, რომ მე ამ ყველაფერს მკაცრად მივუდგები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მიერ მომზადებულ სიურპრიზს რაც შეეხება, ამაზე ლაპარაკი ადრეა, ასეთ თემებზე საუბარი ფეხბურთის ცოდნაზე არ მიუთითებს, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. თავდაუზოგავადაც რომ მოემზადო, მატჩის დღეს შეიძლება მეტოქემ გაჯობოს, შეიძლება მსაჯმა შეცდომა დაუშვას, შეიძლება 5 წუთის შემდეგ ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღოს, რაც თამაშს შეცვლის, ასე რომ, რთულია შედეგის პროგნოზირება. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ფეხბურთელების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებაზე, დანარჩენს კი მოედანზე ვნახავთ. წინ სამი თამაში გველის და ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სიურპრიზებზე საუბარი. თუ აქამდე 100%-ით ვიხარჯებოდით, ევროპის ჩემპიონატზე 101% იქნება საჭირო. საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებული ველოდები ამ მატჩებს, ვფიქრობ, საქართველო კარგად ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე, ვნახოთ. ფეხბურთი ზოგჯერ კარგ მოვლენებს გიმზადებს.

ძალიან ვამაყობ და მიხარია გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად ყოფნა, რადგან გერმანია არის ქვეყანა, რომელიც მიყვარს, იქ ბევრი წარმატებული წელი მაქვს გატარებული. ფანტასტიკური ხალხი ცხოვრობს, რომლებიც მიყვარს, შესაბამისად, დიდი სიხარულით და სიამაყით ველოდები ჩემპიონატს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდში), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგში) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140633