მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში 11 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა ჩემპიონობა, გერმანიის თასიდანაც უსახელოდ გავარდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს და მიზნამდე უკვე არც თუ ისე შორია.
თომას ტუხელის გუნდმა „არსენალი“ გააგდო. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გერმანული გრანდი გავიდა. ამჯერად არა ისეთი დიდი უპირატესობით, როგორც ადრე ახერხებდა „არსენალის“ ძლევას, მაგრამ მაინც მოახერხა.
ლონდონში 2:2-ის შემდეგ, მიუნხენშიც დაძაბული მატჩი შედგა, რომლის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 63-ე წუთზე იოზუა კიმიხმა თავისივე დაწყებული შეტევა დიდებული თავური დარტყმით დააგვირგვინა და როგორც გაირკვა, მან გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი.
ამრიგად, „ბაიერნი“ ნახევარფინალშია, პირველად 2020 წლის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ, ტურნირიც მოიგო. სხვათა შორის, ნახევარფინალში ორი გუნდი გერმანულია, ასე იყო 2013 წელსაც და მაშინ „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, ახლაც არის ამის დიდი შანსი. ნახევარფინალში ორი გერმანული გუნდი ბოლოს 2020 წელს იყო, თუმცა, მაშინ „ლაიფციგი“ ფინალში ვერ გავიდა.
ლონდონის „არსენალმა“ კი, ბევრი იბრძოლა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გამოუცდელობა მიკელ არტეტას გუნდს აშკარად დაეტყო, ამიტომ, სეზონის დარჩენილ ნაწილში პრემიერლიგაზე სრული კონცენტრაცია მოუწევს.
"ბაიერნი" ნახევარფინალში ნაცნობ მეტოქეს, "რეალს" შეხვდება - ეს უბრალოდ, ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა.
„ბაიერნი“ – „არსენალი“ 1:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2
მიუნხენი, „ალიანს არენა“
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, დაიერი, დე ლიხტი, მაზრაუი (კიმი 76); ლაიმერი, გორეცკა; სანე (უპამეკანო 89), მუსიალა, გერეირო; კეინი
მწვრთნელი: თომას ტუხელი
„არსენალი“ (4-3-3): რაია; უაითი, გაბრიელ მაგალაეში, სალიბა, ტომისაუ (ნკეტია 86); ოდეგორი, ჟორჟინიო (გაბრიელ ჟეზუში 68), რაისი; საკა, ჰავერცი, მარტინელი (ტროსარი (68)
მწვრთნელი: მიკელ არტეტა
გოლი: 1:0 კიმიხი (63)
გაფრთხილება: ლაიმერი (55), კიმიხი (90) - უაითი (84), გაბრიელ ჟეზუში (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 8 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)