ფეხბურთი

23:34 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კანსელუ: "გვარდიოლა მატყუარაა, "სიტიში" უმადურად მომექცნენ"

„ბარსელონას“ მცველმა ჟოაო კანსელუმ „მანჩესტერ სიტი“ უმადურობაში, ხოლო პეპ გვარდიოლა ტყუილებში დაადანაშაულა. როგორც მან თქვა, ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს დიდი ძალა აქვს და ამიტომაც, ხალხს მხოლოდ მისი სჯერა.

„პეპ გვარდიოლამ ჩემზე ტყუილები თქვა! არასდროს ვყოფილვარ ცუდი თანაგუნდელი, შეგიძლიათ ბიჭებს ჰკითხოთ. მე არ მაქვს არც უპირატესობის და არც არასრულფასოვნების კომპლექსი, ეს მხოლოდ გვარდიოლას აზრია.

სამწუხარო იყო ეს განცხადებები, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემს მიმართ ცოტა უმადური დამოკიდებულება გამოავლინა. ყოველთვის გუნდის ერთგული ვიყავი, მოედანზე ყველაფერს ვიღებდი. მახსოვს, ერთხელ, როცა გამძარცვეს და ჩემს ოჯახს თავს დაესხნენ, მეორე დღეს კი ლონდონში „არსენალთან“ ვითამაშე. ეს ისეთი რამეა, რაც არასოდეს დაგავიწყდება. ცოლ-შვილი სახლში მარტო დავტოვე შეშინებული. ხალხს კი, მხოლოდ გვარდიოლას სიტყვები ახსოვს, რადგან მას ჩემზე მეტი ძალაუფლება აქვს, როცა რაღაცაც ამბობს. გულწრფელი ადამიანი ვარ, არასდროს ვიტყუები.

რატომ არ დავესწარი რუბენ დიაშთან და ბერნარდო სილვასთან ერთად „სიტის“ ტრებლის დაჯილდოებას, რომელიც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოაწყო? არ მინდა თვალთმაქცი ვიყო. ტიტულები არ მაძლიერებს, სახლში მყავს შვილი, მეუღლე, მამაჩემი, ჩემი ძმა, ისინი კარგად არიან და მთავარი ესაა. ტიტულები კი, სპორტულ დონეზე მთელი სეზონის განმავლობაში ყოველდღიური შრომის შედეგია. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში „სიტის“ მაისურით ჯგუფურ ეტაპზე რამდენიმე საგოლე პასი გავაკეთე, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ეს ტრებლი მე არ მომიგია, ამიტომ, არ მივედი ღონისძიებაზე“, - თქვა კანსელუმ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის გამო ჟოაო კანსელუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "ბაიერნში" გაატარა, მიმდინარე სეზონში კი, "ბარსელონაში" თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127011