ფეხბურთი

1:40 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლონი: "თავდამსხმელისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მიხარია მიქაუტაძის შედეგიანობა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „კლერმონთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, თამაშის ხარისხი არ იყო კარგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა შედეგია.

რუმინელმა სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ამ თამაშისთვის შვება სწორი სიტყვაა. დიდი ხანია ვცდილობდით ზედიზედ ორი მატჩის მოგებას. იმედია, ეს უფრო მეტ თვითდაჯერებას, გამბედაობას მოგვცემს. ეს თამაში ძალიან მძიმე იყო, არ გვინახავს კარგი თამაში, მაგრამ ვნახეთ ორი მებრძოლი გუნდი, ორი გუნდი, რომლებიც სატურნირო ცხრილში რთულ მდგომარეობაში არიან. საკუთარ მოედანზე ამ სეზონში უკეთესი მატჩებიც გვქონია ხარისხის თვალსაზრისით, მაგრამ შედეგი არ იყო, ახლა კი პირიქით მოხდა. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა მხოლოდ შედეგი მაინტერესებს. დადებითია ისიც, რომ გოლი არ გავუშვით.

გარდა ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ გიორგი მიქაუტაძის ეფექტიანობით, მიუხედავად იმისა, რომ პენალტით გაიტანა. თავდამსხმელისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა უფრო მეტი საგოლე მომენტი რომ ჰქონდეს, მაგრამ ჯერ არ არის ფიზიკურად საუკეთესო კონდიციაში. განსაკუთრებით ის მიხარია, რომ როგორც იქნა, საკუთარ მოედანზე მოვიგეთ“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და გარდა ამისა, 3 საგოლე პასიც აქვს (11 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ვთქვათ ისიც, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე ტურში შეძლო თავის გამოჩენა. „მეცმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, 23 ქულა დააგროვა და ჯერ გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე რჩება, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართულია. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 17 მარტს, სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116873