რაგბი

20:50 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 61:7 აია

რუსთავის ‘ხარებმა’ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ქუთაისის ‘აიას’ 61:7 სძლია, ბონუსიც აიღო და საფლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა.

‘აია’ რუსთავში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა, რითაც ‘ხარებმა’ კარგად ისარგებლა, ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაში აჩვენა და 9 ლელო გაიტანა. შედეგად, ჩემპიონს 42 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აღზევდა. რუსთაველები მდევრებს (‘ხვამლი’ და ‘ყოჩები’) მხოლოდ ქულით უსწრებს და დარჩენილ ორ ტურში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა. ამავდროულად, ‘ხარები’ მე-3 ადგილზე მყოფ ‘ბათუმს’ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და ფლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობის მოპოვებაც შეუძლია.

რაც შეეხება ‘აიას’, მას მეორე ადგილი ფაქტობრივად განაღდებული აქვს და თუ სასწაული არ მოხდა, ფლეი ოფის მეორე ეტაპზე ფინალის საგზურისთვის ‘ლელოს’ თბილისში ეთამაშება.

პირველი ლელო მე-9 წუთზე ფორვარდებით მიძალების შემდეგ გაგა არაბულმა გაიტანა. მე-16 წუთზე კარგი შეტევა ირაკლი ქვათაძის ლელოთი დასრულდა. მერე ვაჟა ხუციშვილმა გაჭრა ხაზი რაქის გვერდით, 30-ე წუთზე კი მასპინძლებმა დერეფნიდან კარგი შეტევა გაშალეს და შეცვლაზე შესულმა ბაქარ ზედგინიძემ მეოთხე ლელო გაიტანა – 28:0. გიორგი ელოშვილმა სამი, ვაჟა ხუციშვილმა კი ერთი გარდასახვა შეასრულა.

ტაიმის ბოლოს სტუმრებმა შეძლეს შეტევების ორგანიზება, რასაც ჯერ გაგა არაბულის და ერთ წუთში ირაკლი ლუარსაბიშვილის სინბინი მოყვა. ‘აიამ’ 2-კაციანი უპირატესობით ისარგებლა და ჯოსევანი ნდრავამ საპასუხო ლელო გაიტანა, ნიკა ღლონტმა კი გარდასახა – 28:7.

თამაში რომ განახლდა 13-კაციანმა ‘ხარებმა’ იქით შეუტია, ბაქარ ზედგინიძემ სამ მბოჭავს აუარა გვერდი და ლამაზი, ინდივიდუალური ლელო ძელებსშუა გაიტანა. 54-ე წუთზე კიდევ ერთ ხელდახელ შეტევას სანდრო სვანიძის ლელო მოყვა, ტაიმის შუაში ხელდახელ შეტევა უკვე გიორგი პეტრიაშვილმა დაასრულა, რასაც ჯერ ნდრავას წითელი ბარათით გაძევება და მერე საბა ლიპარტელიანისა და ერეკლე მაჭარაშვილის ლელოები მოყვა – 61:7.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გაგა არაბული გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111565