ფეხბურთი

15:59 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: "საბა გოგლიჩიძეს სერია A-ში სათამაშოდ ყველაფერი აქვს"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ იტალიურ გამოცემა La Nazione-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად „ემპოლის“ შესახებ საუბარს დაეთმო. მჭედლიძემ ასევე ისაუბრა საბა გოგლიჩიძეზე, რომელიც „ემპოლიში“ ცოტა ხნის წინ გადავიდა.

- 2016 წლის 17 დეკემბერს, დუბლით გადაწყვიტეთ „ემპოლი“ – „კალიარის“ მატჩის ბედი. გახსოვთ ეს მატჩი?

- ძალიან კარგად. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო გადარჩენისთვის ბრძოლაში, როგორც კვირას მომდევნო შეხვედრა იქნება. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მოვიგეთ.

- „ემპოლის“ მთავარი ძალა ახლა სტაბილურობაშია?

- გუნდი კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებენ, მხოლოდ 3 მოგებასა და 3 ფრეზე არ გაჩერდებიან. არასდროს ვტოვებ „ემპოლის“ თამაშის, საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ აქაც ყოველთვის ვუყურებ.

- შედეგების გამოსწორება დავიდე ნიკოლას მოსვლის დამსახურებაა?

- გასულ დღეებში ემპოლიში ვიყავი და ვარჯიშებს დავესწარი. ძალიან კარგი მწვრთნელია, პირველივე დღიდან გუნდს ხელი დაატყო, ფეხბურთელები მაქსიმალურად უჯერებენ. შედეგებიც შემთხვევით არ მოსულა.

- ვარჯიშებზე ყველაზე მეტად შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

- რაც ვნახე, ძალიან საინტერესოა, როგორც ტაქტიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. ისეთი ენერგია მივიღე, ვარჯიში მეც მომინდა, რადგან ნიკოლა ბოლომდე ჩართულია და არასდროს ნებდება. ფეხბურთელებმა უნდა გამოიყენონ ამ მწვრთნელის თვისებები, რომელმაც გუნდი გამოაფხიზლა. განსაკუთრებით, მენტალურად და ისინი თუ მას მიჰყვებიან ბოლომდე, კარგი შედეგებიც გაგრძელდება და გადარჩებიან.

- რა შეიძლება იყოს სარისკო „კალიარისთან“ მატჩში?

- „ემპოლიმ“ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებდა და ბოლომდე სჯეროდეს, როგორც „სასუოლოსთან“. დარჩენისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და მოდუნება დაუშვებელია.

- ნიანგმა დაამტკიცა, რომ პენალტებს კარგად ასრულებს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდში მისი მოსვლა?

- ხელმძღვანელობამ იანვარში ბაზარზე კარგად იმუშავა. ნიანგმა სამი გოლი გაიტანა სამ მატჩში და იმედია, არ გაჩერდება. გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც იცნობს ჩემპიონს, რაც ზოგჯერ სქემებზე მნიშვნელოვანია. არ დაგვავიწყდეს კამბიაგი და ჟურკოვსკი, რომლებიც ნამდვილად კარგი ფეხბურთელები არიან, მათ საკუთარი თავის უნდა ირწმუნონ.

- როგორ მიმდინარეობს გოგლიჩიძის ადაპტაცია?

- ძალიან ბედნიერია „ემპოლიში“ და იცის, რომ განვითარებისთვის მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა შემდეგ სათამაშო დროც მიიღო. ძალიან მოტივირებულია და ქალაქშიც კარგად გრძნობს თავს.

- რაიმე რჩევა მიეცით?

- უნდა იმუშაოს და მორჩა, სხვებზე მეტიც. ყველაფერი საბას ხელშია. მას გარკვეული პერიოდი გაუცდა, რადგან საქართველოში ჩემპიონატი დეკემბრის დასაწყისში დასრულდა და შესაბამისად, აუცილებელია ფორმაში დაბრუნება, მაგრამ ჭკვიანი და პროფესიონალი ბიჭია. ფიზიკურად ძლიერია და ყველაფერი აქვს სერია A-ში სათამაშოდ.

- ემპოლი იდეალური ადგილია?

- დიახ. კარიერის განმავლობაში ბევრგან არ ვყოფილვარ, მაგრამ აქ იდეალური ადგილია ფეხბურთელებს, პერსონალსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ჰარმონიისთვის. ეს არ არის მხოლოდ კლუბი, არამედ ოჯახი, რომელიც ზრდაში გეხმარება. 14-15 წლის ასაკში ჩამოვედი და ფაბრიციო კორსი ჩემს განვითარებაში ფუნდამენტური ადამიანი იყო. პრეზიდენტი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, კარგ და რთულ მომენტებში, ემპოლი განსაკუთრებულია.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე „ემპოლიში“ 2010-2019 წლებში თამაშობდა (მანამდე აკადემიაშიც იყო) და 163 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113399