ფეხბურთი

2:05 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ყველა მერვედფინალისტი გაირკვა

კონფერენს ლიგაზე ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ერთი კვირის წინ შინ 4:1 აჯობა „სლოვანს“ და ეს უპირატესობა ბრატისლავაშიც გაზარდა.

ავსტრიელებმა ვლადიმირ ვაისს გუნდს მეორე მატჩიც მოუგეს, ამჯერად 1:0 და ორი მატჩის ჯამში 5:1 გაიმარჯვეს. ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 65-ე წუთამდე იყო. „სლოვანში“ ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გურამ კაშია 86-ე წუთზე შეცვალეს. სლოვაკური კლუბისთვის მიმდინარე სეზონში ევროტურნირები დასრულებულია.

ფრანკფურტის „აინტრახტი“ საკუთარ მოედანზე „უნიონ სენ-ჟილთან“ დამარცხდა (1:2), რის შედეგადაც ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან ბელგიელებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგეს.

პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ „ფერენცვაროშს“ როგორც შინ, ისე სტუმრად მოუგო 1:0 და ისიც მერვედფინალში ითამაშებს. ნორვეგიულმა „მიოლდემ“ კი, ვარშავის „ლეგიას“ ჯერ შინ მოუგო 3:2, ხოლო ამჯერად სტუმრად აჯობა 3:0 და მომდევნო ეტაპზეა.

ამრიგად, კონფერენს ლიგის მერვედფინალში გავიდნენ: „შტურმი“ (ავსტრია), „სერვეტი“ (შვეიცარია), „უნიონ სენ-ჟილი“ (ბელგია), „დინამო ზაგრები“ (ხორვატია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „მიოლდე“ (ნორვეგია) და ჰაიფას „მაკაბი“ (ისრაელი).

ეს გუნდები შეუერთდნენ იმ 8 გუნდს, რომლებიც მერვედფინალში ჯგუფური ეტაპის შემდეგ ავტომატურად გავიდნენ: „ლილი“ (საფრანგეთი), „მაკაბი თელ ავივი“ (ისრაელი), „პლზენი“ (ჩეხეთი), „ბრიუგე“ (ბელგია), „ასტონ ვილა“ (ინგლისი), „ფიორენტინა“ (იტალია), „პაოკ“ (საბერძნეთი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი).

კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110275