რაგბი

11:22 | 19.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ნახევარფინალში მოწინავე კვარტეტი გავიდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის ფორმატში ცვლილება შევიდა. მარტის მიწურულს, პარმაში 18 წლამდელთა ექვსი ერის პრესტიჟულ ფესტივალში უმცროსი ბორჯღალოსნების მონაწილეობის გამო, მიმდინარე პირველობის პლეი ოფის ყველა ეტაპი 1-მატჩა იქნება და ჩემპიონ-პრიზიორთა ვინაობა მარტის შუაწელს გახდება ცნობილი. დიდი ფინალის ჩათვლით, წყვილებში უკეთეს-ნომრიანი გუნდები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე, 1/4-ფინალში მოქმედი ჩემპიონი და რეგულარული სეზონის გამარჯვებული ლელო „ვერცხლის“ ლიგის მეორე ადგილოსან ‘ლოკომოტივს’ დაუპირისპირდა. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად დედაქალაქური დერბი ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა.

‘ლელო’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს თამაშის ყველა კომპონენტში აღემატებოდა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა 43 აღებული უპასუხო ქულით საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრეს. ჩემპიონმა მთლიანობაში 12 ლელო გაიტანა. დიდ დიღმელთა ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, მხტომელმა გიორგი ხუროშვილმა კი „დუბლი“ გაიფორმა. ‘ლელოს’ მგეზავმა გიგი სირბილაძემ დადებულ ლელოს, 5 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. „რკინიგზელები“ ბოლომდე იბრძოდნენ და ბოლო წუთზე მარქაფადან ჩართული ფულბეკის ლუკა მუხიგულაშვილის გატანილი პრესტიჟის ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს გადაურჩნენ – 72:5.

ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’, რომელმაც ჯგუფური მესამე პოზიციაზე ჩაამთავრა, „აია არენაზე“ მე-6 ადგილოსან ბოლნისის ‘ყოჩებს’ უმასპინძლა. ‘აიას’ რეგულარულ სეზონში ქვემო ქართლელები ორჯერვე დამაჯერებლად ჰყავდა დამარცხებული და ვითარება არც საპლეი ოფო შეხვედრაში შეცვლილა. რიონისპირელები უპირატესობას მატჩის მიწურულამდე ფლობდნენ. მგეზავ ბაჩო ძოძუაშვილისა და ფრთა რომა ქაშიბაძის გატანილი უპასუხო ლელოთა წყალობით მასპინძლები შესვენებაზე 12-ქულიანი სხვაობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში პაატა ტყაბლაძის შეგირდთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ‘აიამ’ მონაგარს კიდევ 6 ლელო შემატა და მთლიანობაში მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. აღსანიშნავია, რომ ქუთათურთა რვავე ლელო სხვადასხვა მორაგბის ანგარიშზეა. მატჩის დასკვნით ნაწილში ‘ყოჩებმა’ გაიბრძოლა და მარქაფადან ჩართული მგეზავის ალექსანდრე აივანოვისა და მხტომელ ლუკა კუტალიას გატანილი გარდაუსახავი ლელოებით ანგარიშში ჩამორჩენა მცირედით შეამცირა – 54:10.

ბრინჯაოსმედალოსანი ‘ბათუმი’ „ვერცხლის“ ჯგუფის გამარჯვებულ ‘ხვამლს’ აჭარის დედაქალაქში დაუხვდა. აღსანიშნავია, რომ მუხიანელებმა რანგით მეორე ლიგაში ყველა შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს. ‘ბათუმმა’ კი ელიტაში პირველი ადგილი ბოლო ტურებში დათმო. პირველ ნახევარში ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა და ფულბეკ ლუკა თაყაიშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით მუხიანელები ანგარიშში 2-ჯერ დაწინაურდნენ. შესვენებაზე კი ‘ბათუმი’ 2 ქულიანი უპირატესობით წავიდა. მასპინძელთა კვაჭ ნიკა ბერიძის დადებულ გარდაუსახავ ლელოს, მგეზავმა ბუბა ნოზაძემ გატანილი ჯარიმაც დაურთო.

მეორე ტაიმში აჭარელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მასპინძლები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ და თამაშის ტემპსაც უმატეს. ბათუმელთა რიგებში გამორჩეული ბუბა ბერიძე გახლდათ. ბუბამ თავისი მარბიელი კაპიტნის გიორგი ირემაძის ლელო გარდასახა, 2 ჯარიმაც გამოიყენა და ჩინებული არეკნით ქომაგი მოხიბლა. მატჩი ‘ბათუმმა“ 21:6 მოიგო.

„რაგბი ჭალამ“, ჯგუფური ეტაპის ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების, ‘არმიასა’ და ‘რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრას უმასპინძლა. რეგულარულ სეზონში მეტოქეებმა ერთმანეთს საშინაო შეხვედრებში, დაძაბული ბრძოლების შედეგად აჯობეს. პლეი ოფში კი ‘ხარებს’ არ გაუმართლა. ქვემო ქართლელებმა ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე მოისაკლისეს, რამაც სტუმართა თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.

‘არმია’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და შესვენებაზე 22 ქულიანი სხვაობით წავიდა. „არმიელთა“ წარმატებას სათავე ფრთა საბა ნატროშვილის დადებულმა ლელომ დაუდო. ნატროშვილმა შემდგომში პირადი მონაგარი 2 გატანილი ჯარიმითა და 2 ზუსტად შესრულებული გარდასახვით გაამდიდრა. მასპინძელთა ფულბეკმა ლუკა კეშელავამ და შუამარბმა კაპიტანმა სანდრო მესხიძემ „დუბლი“ შეასრულეს. ‘ხარების’ მხრიდან 1 საპასუხო ლელოს გატანა მეორე ტაიმში მარბიელმა ცოტნე ჭატურიამ მოახერხა. გია ჯავახიშვილის ბიჭებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 37:5.

1-მატჩა ნახევარფინალში მეტოქენი ასე დაწყვილდნენ:

‘ლელო’ (1) – ‘არმია’ (4)

‘ბათუმი’ (2) – ’აია’ (3)

მატჩები უკეთეს-ნომრიანი გუნდების, ‘ლელოსა’ და ‘ბათუმის’ არენებზე გაიმართება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111247