ჩოგბურთი

16:38 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა AUS Open-ი მძიმე მოგებით დაიწყო

ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მძიმე გამარჯვებით დაიწყო. 1/64-ფინალში ნოვაკმა ხორვატი დინო პრიზმიჩი 3:1 დაამარცხა და ამისთვის მას ზუსტად 4 საათი დასჭირდა.

18 წლის ხორვატი რეიტინგში 178-ე ადგილზეა, ჯოკოვიჩი ლიდერია, შესაბამისად, ასეთი წინააღმდეგობა არ იყო მოსალოდნელი. საბოლოოდ, ნოლემ 6:2, 6:7, 6:3, 6:4 გაიმარჯვა და მეორე წრეში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს დიდი სლემის პირველ წრეში ამდენი დრო (4 საათი) აქამდე არასდროს დასჭირვებია გამარჯვების მოსაპოვებლად. 2005 წელს, გაელ მონფილსთან მოუწია ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ბრძოლა 3 საათის და 57 წუთის განმავლობაში, ახლა კი, ყველაზე ხანგრძლივი პირველი წრის მატჩი 18 წლის ხორვატთან ჰქონდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მეორე წრეში ალექსეი პოპირინისა და მარკ პოლმანსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ნოლეს ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული.

0.117166