ფეხბურთი

19:55 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "ტორინოსთანაც" შერცხვა, საზონოვი ოქტომბრის შემდეგ პირველად ათამაშეს

იტალიის სერია A-ს პირველი წრე საშინლად დაასრულა „ნაპოლიმ“, რომელმაც 2024 წლის ბოლო შეხვედრაში „ტორინოს“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

იტალიის მოქმედ ჩემპიონს დიდი ხანია სკუდეტოს შენარჩუნების ამბიცია აღარ აქვს და საქმე ისე მიდის, ევროთასების ზონაში მოხვედრაც ძალიან გაუჭირდება. ვალტერ მაძარის გუნდმა ტურინში უსუსტესი თამაში აჩვენა, პრაქტიკულად არაფერი გამოუვიდა და დამსახურებულად წააგო - 0:3.

პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ანტონიო სანაბრიამ გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ნიკოლა ვლაშიჩისა და ალესანდრო ბონჯორნოს გოლებიც მოჰყვა. სანამ ვლაშიჩი სხვაობას ორამდე გაზრდიდა, იქამდე ორი წუთით ადრე „ნაპოლი“ მოედანზე კაცნკალულიც დარჩა.

პასკუალე მაძოკი გააგდეს, რომელიც თამაშში სულ 4 წუთის ჩართული იყო და რომელსაც „ნაპოლიში“ დებიუტი ჰქონდა, ნამდვილად დასავიწყებელი დებიუტი... სხვათა შორის, „ნაპოლის“ ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და ბოლოსკენ ჰქონდა შანსი, მაგრამ მეკარემ აჯობა. ქართველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ტორინოში“ ითამაშა საბა საზონოვმა, რომელიც 76-ე წუთიდან გაისარჯა. მან 21 ოქტომბრის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა, სეზონში კი „ტორინოს“ მაისურით მოედანზე მეოთხედ გავიდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა და 13 იანვარს, შინ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ტორინო“ 27 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში იმავე დღეს, „ჯენოას“ სტუმრად შეხვდება.

„ტორინო“ – „ნაპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სანაბრია (43), 2:0 ვლაშიჩი (52), 3:0 ბონჯორნო (66)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077877