ფეხბურთი

22:28 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებენ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი კარგად მოემზადება, მას შემდეგ, რაც შოტლანდიასთან რთული თამაში გვქონდა. იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში გვექნება. კვარაცხელია? ის განსხვავებული ფეხბურთელია, მიყვარს. ფეხბურთზე სხვანაირი ხედვა აქვს, ყველანი ბედნიერები ვართ მისით. მისი კაპიტნობა? ის თითქმის კაპიტანია, მაგრამ ამჟამად ჩვენი კაპიტანი კაშიაა, მომავალში კი ვნახოთ რა იქნება. ამისთვის საჭიროა გასახდელში ლიდერი იყო, ვნახოთ რა მოხდება, როცა კაპიტნობის თემა დღის წესრიგში დადგება. კვარა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

კაკაბაძე, როცა თამაშობს, ყოველთვის მაღალ დონეზე გამოდის. შოტლანდიასთან ის ფანტასტიკური იყო. ძალიან დაგვეხმარა ქოჩორაშვილიც, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში თამაშობს. განსხვავებული მენტალობის ფეხბურთელია, რომელიც ბურთით და უბურთოდ ძალიან მომწონს.

1:7 მარცხი ძალიან რთული იყო, გაგვიჭირდა ამის გადალახვა, პირველი დღეები განსაკუთრებით მძიმე გახლდათ, მაგრამ შეიძლება მეორე მხრივ კარგიც იყო, რადგან ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. არავის გვავიწყდება ეს შედეგი, მაგრამ ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

შოტლანდიასთან ბოლოს გაგვიჭირდა, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ფიზიკური მდგომარეობის გამო 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არიან. 60-70 წუთი შესანიშნავად ვითამაშეთ, შემდეგ მცირე შეცდომები დავუშვით, ამაზე ვისაუბრეთ, გვინდა გავაუმჯობესოთ ხარისხი და იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად სიმშვიდე გვჭირდება.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ოცნებაა, ძალიან მინდა, რომ საქართველო ევრო 2024-ზე გავიდეს. ბევრი ვიმუშავეთ, არ ვამბობ, რომ პლეი-ოფში ყოფნა ბუნებრივი შედეგია, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგია. ფეხბურთელები იმსახურებენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს.

ტრავმები ფეხბურთში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი გრაფიკი ნორმალური არ არის, ეს მშვენიერ სპორტს ანადგურებს. ფეხბურთელები მანქანები არ არიან, პაუზა საჭიროა. დღეს ფეხბურთი უფრო ინტენსიურია და უფრო მეტი მატჩის ჩატარება უწევთ“, - თქვა სანიოლმა.

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ლუკა ლოჩოშვილმა:

„ესპანეთთან მარცხი ძალიან გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ფეხბურთში ესეც ხდება. ყველამ გავაანალიზეთ მიზეზები, ამას მოტივაციისთვის გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი თამაშისთვის. შოტლანდიასთან ვფიქრობ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო წუთებში უფრო გაგვიჭირდა“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.125515