საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტი 60 წუთით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ნაკრებს მთავარი პრობლემა აქვს ფიზიკური მომზადება, რადგან ფეხბურთელების ნაწილს კლუბებში 90 წუთის განმავლობაში თამაში არ უწევთ.
„გეთანხმებით, მე-60 წუთამდე კარგად ვითამაშეთ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე ძალიან კარგად ვმოქმედებდით. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამჟამად რამდენიმეს კლუბებში 90 წუთი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, რაც გუნდს დაეტყო. მაგალითად, მიქაუტაძე „აიაქსში“ ფაქტობრივად არ თამაშობს, სხვებიც არიან ასეთ ვითარებაში. ამიტომაც, ბოლოს დაღლილობა შეინიშნებოდა, ერთი საათის კარგად ჩატარების შემდეგ სათამაშო ხარისხიც დაეცა. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ბოლო წუთზე გავუშვით გოლი. გუშინაც ვთქვი, რომ ძალიან კარგი თამაში იქნებოდა, რადგან მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ეს იყო მოსამზადებელი მატჩი მარტისთვის და ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამ დავინახეთ.
შეცდომებს აუცილებლად დეტალურად და ვრცლად გავაანალიზებთ, ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ამ წუთსაა ამის გაკეთება შესაძლებელი. ვიმეორებ, 60 წუთით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რაც მოედანზე ხდებოდა, მაგრამ შემდეგ თავი დაღლილობამაც იჩინა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვაკლდა კიტეიშვილი, ხოჭოლავა, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, რომ მარტში დაგვეხმარებიან.
დიახ, აუტის ჩაწოდების პრობლემაც ნამდვილად გვაქვს. ამის ახსნა მხოლოდ იმით შემიძლია, რომ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ და ამ ასპექტზე სამუშაოდ დრო პრაქტიკულად არ გვქონდა. ესეც აუცილებლად გამოსასწორებელია და სამუშაო გაქვს.
ხვიჩა კვარაცხელია უკვე კარგა ხანია გარკვეულ დონეზე თამაშობს და ყველამ ვიცით, მისი შესაძლებლობები. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ინსტინქტურად მოქმედებს, მას არ სჭირდება მითითებების მიცემა და ჩარჩოებში ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს შეცდომებიც შესაძლებელია, უშეცდომო ფეხბურთელი ალბათ მხოლოდ მესია.
განსაკუთრებით მიხარია გიორგი ჩაკვეტაძის მაღალ დონეზე დაბრუნება, რომელმაც ინგლისში მოუმატა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს, რომლებსაც კლუბებში 90-წუთიანი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ამის გამო ზოგიერთი იღლება შეცვლების გაკეთება დაღლილობიდან გამომდინარე გვიწევს.
მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელების უთამაშებლობა ჩვენთვის ალიბი არ არის, უბრალოდ ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ. ახლა ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, გამოსწორდება თუ არა ამ მხრივ სიტუაცია უახლოეს პერიოდში. იმედი მქონდა, რომ დღეს 60 წუთზე ცოტათი მეტს მაინც „გავქაჩავდით“, მაგრამ არ გამოვიდა, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რომ ფიზიკური მომზადება მხოლოდ 60 წუთი გვყოფნის. დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი შეფასებები ექნებოდა ამ თამაშს, შოტლანდიას ბოლოს გოლი რომ ვერ გაეტანა და მოგვეგო. ფეხბურთი ბევრი ასპექტისგან შედგება, შეცდომებს ყველა უშვებს, ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები და რა თქმა უნდა, მეც“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება) და თბილისში პირველად ვერ დაამარცხა შოტლანდია (მესამე ჯერზე). ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს, რომლითაც 2023 წელს და საკვალიფიკაციო ეტაპსაც დაასრულებს, 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს. მერე კი მარტი და ევრო 2024-ის პლეი-ოფია...