ჭიდაობა

22:59 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

+125 კგ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილმა ასპარეზობა გუშინ, კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც კამერუნელ ბალი სოუს იოლად, 9:3 აჯობა. მერვედფინალში ქართველმა ფალავანმა აბდულა კურბანოვი 6:5 დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანთან გამარჯვება (3:1) მიაყოლა. ნახევარფინალში გენომ ამერიკელი მეისონ მარკ პერისი 8:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდა.

ფინალში მოსალოდნელი ბრძოლა არ შედგა. აქამდე გენოსა და ზარეს დუელში ანგარიში თანაბარი იყო (1:1), თუმცა, ირანელმა ამჯერად ქართველ ფალავანს აჯობა - 11:0. ზარემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მან ქულები ძირითადად ხალიჩიდან გენოს გაყვანით დააგროვა და მოიგო.

პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მისთვის მერვე მედალი იყო - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. თუმცა, გენო ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონი 2019 წელს იყო, როდესაც ზედიზედ სამჯერ პირველობას არავის უთმობდა (2017-2019).

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს მოპოვებული: გენო პეტრიაშვილის ვერცხლის გარდა, შოთა ფარტენაძემ ბრინჯაო მოიპოვა. გარდა ამისა, ხვალ ფინალში იჭიდავებს ვლადიმერ გამყრელიძე, ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე მირიან მაისურაძე, ხოლო ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეუდგება.

აქვე გეტყვით, რომ 18 სექტემბერს, ასპარეზობაში ჩაერთვებიან ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

0.123622