ჭიდაობა

20:46 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გავიდა გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც კამერუნელ ბალი სოუს იოლად, 9:3 აჯობა. მერვედფინალში ქართველმა ფალავანმა აბდულა კურბანოვი 6:5 დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანთან გამარჯვება (3:1) მიაყოლა. ნახევარფინალში გენომ ამერიკელი მეისონ მარკ პერისი 8:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს შეხვდება.

გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენცია ფინალში გასვლით უკვე გაინაღდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ფინალი ხვალ გაიმართება და გენო მსოფლიოს ჩემპიონობას მეოთხედ ეცდება.

61 კგ წონით კატეგორიაში შოთა ფარტენაძემ ჯერ ანდრე ბეკრენუს ბარიერი დაძლია (5:0), მეოთხედფინალში უზბეკ ჯაჰონგირმირზა ტურობოვთან იმარჯვა (5:3), მაგრამ ნახევარფინალში აბასგაჯი მაგომედოვთან 0:10 წააგო და ხვალ ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

დღესვე, 86 კგ წონით კატეგორიაში ტარიელ გაფრინდაშვილმა მერვედფინალში წააგო იაპონელ რასულ ციხაიეუსთან (2:6), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.

70 კგ წონით კატეგორიაში კვალიფიკაცია მოიგო გიორგი ელბაქიძემ ტემულენ ენხტუაიასთან (8:2), მაგრამ შემდეგ ეგვიპტელ ამრ ჰუსენთან 4:14 განიცხადა მარცხი. ეგვიპტელი ფინალამდე ვერ მივიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13203