ფეხბურთი

23:14 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: "დღეს ძალიან ამაყი ვარ, ეს ყველას შრომის შედეგია"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანმა სომხეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ამაყია, რომ ნაკრებში მისთვის მე-100 მატჩი წარმატებით დასრულდა.

„ამ თამაშს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი. ისეთი ამაყი, როგორიც დღეს ვარ, შეიძლება არასდროს ვიყო. ამაზე მე ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ ჩემს გუნდს ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთეს, იმიტომ, რომ 100 თამაში იყო შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ამაზე დიდი პატივი მე არ ვიცი, რა უნდა იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში ერთი პატარა აგური მაინც მაქვს დადებული. სომხეთი ძალიან რთული და ძლიერი მეტოქე იყო, მოედანზეც დადასტურდა ეს.

რეალისტები უნდა ვიყოთ, ჯერ ძალიან შორის მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ქვევით უნდა დავეშვათ. ეს იყო, უბრალოდ ერთი გამარჯვება, წინ ბევრი თამაშია, მთავარია, რომ ეს მუხტი შევინარჩუნოთ, მოგეხსენებათ, ხუთ დღეში რა რთული თამაში გველოდება პორტუგალიასთან და თუ ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშზე, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად დავამარცხებთ.

დღეს საქართველოს ნაკრები ევროპაში მეცხრე ადგილზეა, რაც ძალიან საამაყოა. მარტო დღევანდელი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, შემდეგ შესარჩევებზე ეს ძალიან დიდ შვებას მოგვცემს, იმ გაგებით, რომ ბევრად უფრო უკეთეს კალათაში ვიქნებით, რაც ალბათობაა იმის, რომ შედარებით სუსტი ნაკრები შეგვხვდეს. ვფიქრობ, ყველა ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ფუტსალის პროგრესი ჰქვია.

ჩემს მოსვლამდე 28-ე ან 30-ე ადგილზე ვიყავით, მაგრამ აქ საქმე არ არის ჩემში ან კუპატაძეში, არამედ ფედერაციაც დიდ საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. მივდივართ გუნდურობამდე, რადგან ერთი მეორის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ“, - თქვა ასათიანმა.

მატჩის მერე ისაუბრა ირაკლი თოდუამ, რომელმაც დღევანდელ დაპირისპირებაში ანგარიში გახსნა.

„რა თქმა უნდა, სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, დაიმატეს ბრაზილიელი ლეგიონერები და გაძლიერდნენ. ეს გამოჩნდა კიდევაც, თანაბარი თამაში იყო შეიძლება ითქვას. უმნიშვნელოვანესი იყო ამ ეტაპის გამარჯვებით დაწყება. 3 ქულა შესრულებული გეგმაა პირველი მატჩისთვის. პორტუგალიაში ჩვენი მიზანი გვაქვს, პირველი თამაშის გეგმა შევასრულეთ. მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ, მაგრამ გზა გრძელდება და რთულ ჯგუფში მაქსიმუმს გაიღებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად“, - აღნიშნა თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველადგილოსანი გავა. გარდა ამისა, 5 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში გადაინაცვლეს, სადაც მუნდიალის დარჩენილი 2 საგზური გათამაშდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113231