კალათბურთი

18:47 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად გერმანია კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონია

გერმანიის საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია! გორდონ ჰერბერტის გუნდმა ფინალში სერბეთის ნაკრებს აჯობა და საკალათბურთო მუნდიალი ტრიუმფით დაასრულა.

თამაში ძალიან დაძაბული იყო, პირველ ტაიმში ორივე გუნდი აბსოლუტურად თანაბრად თამაშობდა და გასაკვირი არ იყო, რომ ორივე პერიოდი ორივე გუნდმა 3-3 ქულით მოიგო, შედეგად, გუნდები დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.

აი, მესამე პერიოდი კი, გარდამტეხი გამოდგა, რადგან გერმანიის ნაკრებმა მეტოქე კონკრეტულ ათწუთეულში მაგრად დაჯაბნა, 22:10 აჯობა და ბოლო პერიოდის წინ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

სერბეთი მაინც არ დანებდა, ბოლომდე ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ 12 ქულა ფინალისთვის მეტისმეტად დიდი ჩამორჩენა იყო. საბოლოოდ, გერმანიამ 83:77 მოიგო.

ალემანების მსოფლიოს ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი დენის შრიოდერს მიუძღვის, რომელმაც მთელ ტურნირზე დიდებულად ითამაშა და ფინალშიც საუკეთესო იყო. დენისმა 34 წუთში 28 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბოლო გარდამტეხი ქულებიც სწორედ მან ჩააგდო. ფრანც ვაგნერი გამოირჩა 19 ქულით და 7 მოხსნით, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხოლო სერბეთს ალექსა ავრამოვიჩმა ულიდერა 21 ქულით, მაგრამ მას თანაგუნდელები მხარი კარგად ვერ აუბეს.

გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა მედალი მოპოვებული, 2002 წელს - ბრინჯაო, ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა. მათ ტურნირზე აბსოლუტურად ყველა მატჩი მოიგეს და კითხვის ნიშნები არ დატოვებს. ბოლოს, შეგახსენებთ, რომ გორდონ ჰერბერტი 2005-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დენის შრიოდერი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა, რომელმაც 32 გუნდში მე-16 ადგილი დაიკავა, ორი მატჩი და სამი წააგო, მათ შორის, ერთი ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონის, გერმანიის წინააღმდეგ.

გერმანია - სერბეთი 83:77 (23:26, 24:21, 22:10, 14:20)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113245