ფეხბურთი

21:15 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ჯუღელი: "კონტრაქტზე საუბარი არ ყოფილა, "ნაპოლიში" ყველაფრით კმაყოფილი ვართ"

ნეაპოლურმა გამოცემა Calcionapoli24-მა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან იმ ხმების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვით, კვარაცხელიას გარემოცვას ხელფასის მომატება სურს.

მამუკა ჯუღელმა ყველაფერი უარყო, აღნიშნა, რომ ხელფასის მომატება არც მოუთხოვიათ და ამაზე საუბარი არც ყოფილა, რადგან ყველაფრით კმაყოფილი არიან.

„ერთადერთი ადამიანი მე ვარ, ვინც ლაპარაკობს და ლაპარაკობდა ხვიჩას კონტრაქტზე. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობიდან კარგის მეტი არაფერი დაგვინახია, სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ ხვიჩას სახელით, მამამისიც აქ არის და იგივეს იტყვის - ნეაპოლში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. კვარაცხელიას გუნდის შეცვლა არასდროს სდომებია. არავითარ კონტრაქტზე არ ყოფილა ლაპარაკი არც ჩვენი და არც კლუბის მხრიდან. ჩვენ ყველანი კმაყოფილი ვართ კვარაცხელიას კონტრაქტით, რომელიც გავაფორმეთ. ხვიჩას აქვს მიზანი, რომ გუნდმა შეინარჩუნოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ გამოვიდეს.

პირადად მე „ნაპოლისთან“ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, დე ლაურენტისი არის უკეთილშობილესი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ხვიჩას მაღალ დონეზე ეთამაშა. ვმეგობრობ მის შვილთან და მაურიციო მიკელისთან. ამ დროის განმავლობაში არაფერი ყოფილა ისეთი, რითაც უკმაყოფილო ვიქნებოდით, არც ხელფასის მომატება მოგვითხოვია. მეტსაც გეტყვით, კვარაცხელიას მეუღლე სასწავლებლად ნეაპოლში გადავიდა. მე და მამამისი ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთმანეთის გულისტკივილზე ყოველთვის ველაპარაკებით, ჩვენ არასდროს გვქონია საუბარი ხელფასის ნაკლებობაზე. ყველანი კმაყოფილი ვართ კლუბის ხელმძღვანელობით. ამ ადამიანისგან მარტო დაფასებას ვგრძნობთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დე ლაურენტისს, რაც ჩვენთვის გააკეთა, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ენდვნენ, ამ ნდობით კი, კვარას არავინ შეურცხვენია და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ოფიციალურად ვადასტურებ, რომ მას არც ხელფასის მომატება სურს და არც სადმე წასვლას აპირებს, ყველანი კმაყოფილი ვართ სიტუაციით. „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ძლიერი კაპიტნით, მეგობრული გუნდია, სადაც ხვიჩა თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. „ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელს ვუხდი მადლობას, რომ ასე მეგობრულად მიიღეს.

არ ვიცი, ვინ რას წერს, ჩვენი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, რომ მელაპარაკა კონტრაქტის განახლებაზე და არც კლუბის ხელმძღვანელობიდან. ვიცნობთ დე ლაურენტისს, როგორც კარგ ადამიანს და მადლიერები ვართ, თუ ჩათვლის ის ადამიანი საჭიროდ, მზად ვართ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სიმართლე რომ დავინახოთ, უკმაყოფილო ახლა არცერთი მხარეა.

მეგობრული შეხვედრები ყოველთვის გვაქვს, ბატონი ბადრი ნეაპოლშია, თუ ის არ არის, მე ჩავდივარ, მას მარტო არ ვტოვებთ. უკმაყოფილო რომ ვიყოთ, დავილაპარაკებდით.

ხვიჩას მხოლოდ ფეხბურთის თამაში აინტერესებს და ის დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს. ჩვენთვის ნეაპოლში უარი არაფერზე უთქვამთ, ძალიან მიყვარს ნეაპოლელი ხალხი, ყველა თამაშზე ვნერვიულობ. „ნაპოლის“ ძალიან საყვარელი გულშემატკივარი და საუკეთესო კაპიტანი ჰყავს. არაფერზე პრეტენზია არ გვაქვს, მხოლოდ მადლობელი ვართ კლუბის ხელმძღვანელობის.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის რომ მოხვდა, დიდი წარმატებაა და მარტო მისი დამსახურება არ არის, გუნდის დამსახურებაცაა. იმედი მაქვს, რომ სამეულში მოხვედრა შეუძლია და მოვა ის დროც, როცა „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ჩემთვის ეს არის ოცნება. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ხვიჩას კარგი თანაგუნდელები რომ არ ჰყავდეს, მარტო ვერაფერს იზამდა, მაგრამ ისეთ თანაგუნდელებთან ერთად თამაშობს, უფლებაც არ აქვს, რომ საუკეთესო არ იყოს. მადლობა მაურიციო მიკელის, რომელიც გვენდო და ტრანსფერზე თავის დროზე დაგვთანხმდა.

ხვიჩა ამჟამად თავს ძალიან კარგად გრძნობს, ამ წუთას ეროვნულ ნაკრებზეა ორიენტირებული, ხვალ ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება, მერე კი ყველა ველოდებით მადრიდის „რეალთან“ თამაშს. კიდევ ვიმეორებთ, კვარა არსად წასვლას არ აპირებს, როცა მზად იქნება „რეალისთვის“, „ბარსელონასთვის“ განვიხილავთ. ვერ ვხედავთ მიზეზს გუნდიდან წასვლაზე, სადაც ოსიმენი, დი ლორენცო, ჟიელინსკი და სხვები თამაშობენ.

სპალეტის ჯერ კიდევ რუსეთიდან ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან დიდი მწვრთნელია, კარგი პიროვნებაა, ჩემგან მარტო ქება ეკუთვნის. რუდი გარსიასაც ვიცნობ, ძლიერი მწვრთნელია, ეს ყველამ იცის, რახან „ნაპოლი“ ჩააბარეს, ალბათ მისი იმედი აქვთ. დანარჩენს დრო გვანახებს“, - თქვა ჯუღელმა.

ინტერვიუში ასევე ისაუბრა ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ.

ბადრი კვარაცხელია: „მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ჩემს ოჯახს თანხებთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. ბედნიერები ვართ, რომ „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო და რომ ხვიჩა ამ ჩემპიონ გუნდში თამაშობს. მადლობა ხელმძღვანელობას, რომ ხვიჩას თავის გამოჩენის შანსი მისცეს. ამ ჩემპიონობაში საკმაო წვლილი ხვიჩამაც შეიტანა.

ჩემი ოჯახისთვის ნეაპოლში ცხოვრება სასიამოვნოა, ხალხი ძალიან თბილად გვექცევა და მადლობა, რომ ყველანაირად თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საქართველოში. ყველა ნეაპოლელს მივმართავ, რომ ხვიჩა არსად აპირებს გადასვლას და 100%-ით დაიხარჯება გუნდისთვის. ყველაფერი კარგად იქნება.

„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტში ყოფნას ხვიჩა ჩემი აზრით იმსახურებს, მაგრამ ეს მარტო მისი დამსახურება არ არის, ეს მისი თანაგუნდელების და გუნდის დამსახურებაა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11144