საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი მისთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:
თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი.
აღსანიშნავია, რომ შემადგენლობა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სპეციალური ვიდეოს საშუალებით გამოაცხადა. საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ ბექა ბექაური და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებიც ნაკრებთან ერთად ბოლო მომენტამდე ემზადებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო სპარინგი 22 აგვისტოს, ავსტრალიის ნაკრებთან აქვს დაგეგმილი.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში კი, ილიას ზუროსის გუნდი კაბო ვერდეს (26 აგვისტო), სლოვენიისა (28 აგვისტო) და ვენესუელას ნაკრებებს (30 აგვისტოს) დაუპირისპირდება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა, თუმცა, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები ასპარეზობას არ დაასრულებენ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეული ადგილი უნდა გათამაშდეს, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო საკალათბურთო მუნდიალზე სამზე მეტ მატჩს ჩაატარებს.