ძიუდო

16:34 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტის მასტერსის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

ბუდაპეშტის მასტერსის ბოლო საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი იბრძვის მედლისთვის, მათ შორის, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

90 კგ წონით კატეგორიაში გასაკვირი არაა, რომ ქართული ფინალი იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბუდაპეშტშიც ოქროსთვის ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან.

მაისურაძემ ყაზახი დიდარ ხამზა, უზბეკი ჯახონგირ მამატრახიმოვი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა, ხოლო ბუქაურმა ბრიტანელ ჯამალ პეტგრეივს, აზერბაიჯანელ მურად ფატიევსა და უზბეკ დავლათ ბობონოვს აჯობა. ასე რომ, ისინი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მოგეხსენებათ, ბექაური მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, მაისურაძე კი - მსოფლიოს.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ილია სულამანიძე, რომელმაც ნახევარფინალამდე იაპონელი აარონ ვოლფი და ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკთან წააგო და ბრინჯაოსთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდება. ამავე წონაში უმედლოდ დარჩა ონისე სანებლიძე, რომელიც ასპარეზობას პირველივე წრეში ხსენებულ კორელთან მარცხით გამოეთიშა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი გამოვიდნენ. ზაალიშვილმა სამხრეთკორეელი მინიონ კიმი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, მაგრამ ფინელ მარტი პუუმალაინენთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც თუშიშვილთან ბრძოლა მოუწია, რომელსაც იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

თავის მხრივ თუშიშვილმა უნგრელი რიჩარდ სიპოში და უკრაინელი ევგენი ბალეივსკი დაამარცხა, მაგრამ იაპონელ ტაცური საიტოსთან ვერაფერი გააწყო, რეპეშაჟში კი, როგორც ვთქვით, ზაალიშვილთან განიცადა მარცხი, რის შედეგადაც მედლისთვის ვეღარ იბრძოლებს. ინანეიშვილმა კი პირველივე წრეში კუბელ ენდი გრანადასთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღესვე, ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა თურქ კაირა ოზდემირს მოუგო, მაგრამ ფრანგ კორალ ჰაიმესთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ამჟამად საქართველოს აქტივში 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ლაშა შავდათუაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123649